ახალი ამბები

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია, იძებნება 2 პირი — შსს

18 სექტემბერი, 2021 • 1774
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია, იძებნება 2 პირი — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია. უწყების თანახმად, პოლიცია “კომპლექსურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს” ატარებს კონკრეტული პირების დასაკავებლად.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ.

კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა”, — დასძენს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

“ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ნიკა კვარაცხელია ვერაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. ის მომდევნო დღეს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი