ახალი ამბები

ბურჭულაძის თქმით, ფაილებში მოძღვართან მისი საუბარიც მოხვდა

17 სექტემბერი, 2021 •
ბურჭულაძის თქმით, ფაილებში მოძღვართან მისი საუბარიც მოხვდა

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე აცახდებს, რომ სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ფაილებში სასულიერო პირთან მისი დიალოგიც იძებნება.

“ამ ამაზრზენ საქმეში ჩემი ფაილებიც იძებნება, სადაც ვესაუბრები ჩემს უახლოეს ადამიანს, მოძღვარს, სასულიერო პირს. ჩემი გაკვირვება ამათი მავნებლობით ძალიან ძნელია, მხოლოდ ის მაოცებს, თუ როგორი ორგანიზება შეუძლიათ უკიდურესად მდაბიო ბოროტმოქმედების ჩასადენად. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში წარმოიდგინეთ, რა დაფინანსებაა დახარჯული სისხლის სამართლის დანაშაულის დასაორგანიზებლად. რამ ასმენინათ და აშიფრინათ ამდენი უსარგებლო დიალოგი, როცა ქუჩებში საქართველოს იმედს და მომავალს, 22 წლის საუკეთესო ახალგაზრდას კლავენ. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება დამნაშავეებს ეძებდეს და საქართველოს მოქალაქეებს იცავდეს, თავად სჩადის ამაზრზენ დანაშაულს მათ წინააღმდეგ”, — აცხადებს ბურჭულაძე.

ის მიმართავს საზოგადოებას, განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

“თითოეული თქვენგანის ხმა დღეს ჩვენი ხმალი, ის კალამი იქნება, რომლითაც ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხვას ავარიდებთ. მე 2 ოქტომბერს საქართველოში ვიქნები, ჩემი ხალხის გვერდით, რათა ჩემი ერთი ხმა არ დაიკარგოს, არავინ მიითვისოს! საბჭოთა დროიდან მოყოლებული რა დრო არ გამოვიარე და თავისი ხალხის ასეთი მოძულეები არავინ მინახავს”, — აცახდებს ბურჭულაძე.

ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი