ახალი ამბები

გახარია “ოცნებას” აფრთხილებს

15 სექტემბერი, 2021 • 4430
გახარია “ოცნებას” აფრთხილებს

პოლიტიკური პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თუ “ქართული ოცნება” შეტევას მიიტანს იმ ხალხზე, რომლებზეც წლებია სახელმწიფო სამსახურშია და რომელთა შესახებაც მიანიშნებენ, რომ კავშირი აქვთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციასთან,  “ნახავენ, თუ როგორ უნდა ცეცხლის გახსნა”.

გახარიამ ეს განცხადება ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გიორგი თარგამაძის გადაცემაში გააკეთა.

“დღეს ოცნება, რომელიც ქართული აღარ არის, გენიოსებით რომ დააკომპლექტო, რომლებიც დადებენ იდეალურ პროგრამებს, იდეალურ სტრუქტურულ რეფორმებს, ნულია მაგის ფასი. რატომ, იცით? ვერც ერთს ვერ განახორციელებენ. არც პოლიტიკური რესურსი აღარ არის და არც ნდობა.

წესრიგის დამყარების რესურსი აღარ არსებობს.

ამიტომ არიან, რომ გამოდიან და ფეხების ბაკუნით გვემუქრებიან, რომ არჩევნების შემდეგ ყველას დავსჯითო.

რისი დამსჯელები არიან, ერთმანეთის ეშინიათ. ვის ემუქრებიან საერთოდ. ესენი ემუქრებიან ხალხს, რომლებიც სახელმწიფო სამსახურშია წლების განმავლობაში და კადრულობენ, რომ ვიღაცაზე თქვან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაცია… ნეტა, გაბედონ, შეტევა მიიტანონ თითოეულ მათგანზე, მერე ნახავენ, ცეცხლის გახსნა როგორ უნდა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


14 სექტემბერს “იმედის” ღამის ეთერში კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მისი გუნდი ახსენა.

“მე არ გავაკეთებდი აქცენტს მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაზე” და მივესალმებოდი გამოძიების დაწყებას და მე ამ გამოძიებისგან ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხს ველოდები”, — თქვა წულუკიანმა.

მან გააკრიტიკა პარტიის “საქართველოსთვის” წევრ კახა ქემოკლიძის განცხადება, რომ “გასაოცარი დანაშაულია ჩადენილი და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”.

“როდესაც რამდენიმე თვე და წელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მსახურობ და როდესაც ამ სამსახურის უფროსის მოადგილე შენი თანაგუნდელია და კურირებს ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს, ვგულისხმობ ბატონ ხოჯევანიშვილს, როდესაც ყველა მათგანის ხელმძღვანელია ბატონი გახარია და იმ დროს მათ შორის ჩემიც იყო… მე რომ ჩუმად ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ამნეზია მჭირს. მე ვსვამ კითხვებს და აღმაშფოთებელია ასეთი ზედაპირული საქციელი”, — განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეორე დღეს, 15 სექტემბერს, ამ ვერსიაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც. ღარიბაშვილის თქმით, არ უთქვამს, რომ ჩანაწერები ოპოზიციის გაკეთებულია, თუმცა გამოძიება დაადგენს, ადგილი აქვს ფაბრიკაციას თუ “სხვა უფრო მძიმე დანაშაულს”. პრემიერი სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებაში, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს, მეორე მხრივ, არ გამორიცხავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის მონაწილეობას.

“პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, თეორიულად ხომ არ არის გამორიცხული ან შესაძლებელია იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც, სხვათა შორის, კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. წვდომა ჰქონდათ ძალიან დიდ ინფორმაციაზე, მათ შორის, მოსმენების სამსახურთან. სპეკულირება და წინასწარი დასკვნები არ მსურს, ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ვის უკავშირდება ტყუილ-მართლის გატანა.

“იქნება ეს გახარია, ხოჯევანიშვილი თუ ვინმე სხვა, ალბათ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და იქნას შესაბამისი ინფორმაცია მოძიებული… დეტალებში მე ვერ შევალ. ერთადერთი, თუ რამე მართალი შეიძლება იყოს იმ ინფორმაციიდან, რომელიც გავრცელდა, ამ ინფორმაციების მოპოვების დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც 2 გასაღები იყო ორ ხელში და ორივე გასაღებს აკონტროლებდა ერთი და იგივე ჯგუფის ორი წარმომადგენელი”, — თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ “სამართალდამცველები დაინტერესებიან და გაარკვევენ, სად არის გატანილი ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება იყოს მართალი ინფორმაცია”.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც პრემიერმა ახსენა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, თუმცა გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვა. სუს-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი ისტორია აქვს პარტიის “საქართველოსთვის” წევრ კახაბერ ქემოკლიძეს.

თავად პარტია “საქართველოსთვის”, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ჩანაწერებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში  სახალხო დამცველის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, პარლამენტში კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ჩანაწერების ავთენტურობა, მისი გავრცელების შემდეგ, არაერთმა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და სასულიერო პირმა დაადასტურა, ვინც მასში მონაწილეობს. მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ არასამთავრობო სექტორშიც. ეკლესიას კი ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი