ახალი ამბები

გამოკითხულთა 77.4% კმაყოფილია დისტანციური სწავლების მეთოდებით – საქსტატი

15 სექტემბერი, 2021 • 1627
გამოკითხულთა 77.4% კმაყოფილია დისტანციური სწავლების მეთოდებით – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღებაზე კორონავირუსის გავლენას სწავლობს, რესპოდენტთა 77.4 პროცენტი “ძალიან ან მეტნაკლებად კმაყოფილია “შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის დისტანციური სწავლების შეთავაზებული მეთოდებით.”

საქსტატის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი დასახლების ტიპის მიხედვით უფრო მაღალია ქალაქის ტიპის დასახლებებისათვის, სქესის მიხედვით – იმ რესპონდენტებისათვის, რომლებმაც შეაფასეს შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბიჭის დისტანციური სწავლება, ხოლო ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით – იმ რესპონდენტებისათვის, რომლებმაც შეაფასეს შინამეურნეობის წევრი 6-11 წლის ასაკის ბავშვის დისტანციური სწავლება.

დიაგრამაზე წარმოდგენილია რესპონდენტების კმაყოფილების პროცენტული განაწილება შინამეურნეობის წევრი ბავშვისთვის დისტანციური სწავლების შეთავაზებული მეთოდებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის პერიოდში/საქსტატი

გამოკვლევის თანახმად, დისტანციური სწავლებით გამოკითხულთა მხოლოდ 14.1 პროცენტია უკმაყოფილო.

ამის პარალელურად, გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის სასურველი სწავლების ფორმა არის სასწავლო ოთახში სწავლება (95.8%), სწავლების დისტანციურ ფორმას უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ 1.5 პროცენტი, ხოლო 2.7 პროცენტს ურჩევნია კომბინირებული სწავლება.

 


გამოკვლევის ფარგლებში, საქსტატის ცნობით, მონაცემები შეგროვდა როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა განისაზღვრა 1 996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად- 965 ერთეულით, ხოლო სოფლად -1 031 ერთეულით.

მონაცემების შეგროვება განხორციელდა პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI).

გამოკვლევის მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

გამოკვლევის მეორე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში.

გამოპასუხების დონემ შეადგინა 87.1 პროცენტი, მათ შორის ქალაქის ტიპის დასახლებებში – 87.6 პროცენტი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 86.6 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი