ახალი ამბები

რამდენი ვაქცინირებული პედაგოგია კერძო და საჯარო სკოლებში — გამყრელიძის განმარტება

13 სექტემბერი, 2021 • 4969
რამდენი ვაქცინირებული პედაგოგია კერძო და საჯარო სკოლებში — გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საჯარო სკოლების პედაგოგებს შორის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 58%, კერძო სკოლებში კი- 64%. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, 13 სექტემბერს, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ სკოლებში სწავლა ოქტომბერში დაიწყოს, სასურველია, რომ მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი 80% მაინც იყოს. გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზად არის, რომ კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს სწავლის სკოლის შენობებში ოქტომბრისთვის გასაახლებლად.

NCDC-ის დირექტორის ინფორმაციით, ამჟამად საჯარო სკოლების სრული პერსონალის 55% მინიმუმ ერთი დოზით არის აცრილი, სრულად კი — 33%. ასევე, საჯარო სკოლებში სრულად ვაქცინირებულია პედაგოგების 36%.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, გამყრელიძის თქმით, პედაგოგების 44% სრულად არის აცრილი, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი -70% ქვეყნის დედაქალაქშია ვაქცინირებული.

“ამავე დროს, ჩვენ ასევე ვითვლით, რამდენ ადამიანს, იგივე მასწავლებლებს, აქვთ გადატანილი ინფექცია, იმიტომ, რომ ესეც შედის საერთო კუმულაციურ იმუნიტეტში და შესაბამისად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მაგრამ მარტო მასწავლებლები არა. როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, კეთილი ინებონ და თითოეულმა ოჯახის წევრი- მშობელი, ბებია-ბაბუა, აუცილებლად უნდა აიცრას. ამ შემთხვევაში განიხილება სწავლის აღდგენა და აუცილებლად უნდა აღდგეს სწავლა კლასებში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მათ ასევე შეისწავლეს მაღალმთიან რაიონებში 332 სკოლაში დაინფიცირების მაჩვენებელი, სადაც საერთო ჯამში, 10 000 მოსწავლე, 6 700-მდე პედაგოგი და ადმინისტრაციული პერსონალია. მოსწავლეებში დაინფიცირების მაჩვენებელი 1.8% იყო, ბოლო 6 თვის განმავლობაში დაინფიცირდა 415 პედაგოგი, ასევე, ამ სკოლებში 25% აცრილი იყო.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, აცრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ მხრივ სტუდენტებშია. NCDC-ის დირექტორის განმარტებით, 138 ათასამდე სტუდენტიდან სრულად აცრილი 17%, კორონავირუსი კი, ოფიციალური მონაცემებით,, 9.5%-მა გადაიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი