ახალი ამბები

“ოცნების” აქტივისტების ფოტომასალა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს – ISFED

10 სექტემბერი, 2021 • 1893
“ოცნების” აქტივისტების ფოტომასალა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს – ISFED

“სამართლიანი არჩევნები” (ISFED) აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” წალენჯიხის მერობის კანდიდატის – გოგა გულორდავას მხარდამჭერ Facebook გვერდზე გავრცელებული ფოტომასალა შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.

საუბარია ფოტოებზე, სადაც ISFED-ის თქმით, პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენისა და მოქალაქეებისთვის დარიგების ფაქტი ჩანს.

“სამართლიანმა არჩევნებმა” მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას საჩივრით მიმართა, უფლებამოსილი ორგანოების ჩართულობით ფაქტზე შესაბამისი რეაგირებისთვის.

“აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ”ა” ქვეპუნქტის დარღვევას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 164”1” მუხლით განსაზღვრულ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.

“სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, არ მიმართონ ამომრჩეველთან ურთიერთობის იმგვარ ფორმებს, რომლებიც შესაძლოა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს”, – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.

წალენჯიხის მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა კი “ფორმულასთან” ამბობს, რომ არც ამ ადამიანებს “ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვთ.

“ჩვენთან შტაბში ეს ადამიანები არ არიან. გავარკვიე, რომ არის ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ეწევა  იქ ადგილზე, ქალაქ ჯვარზე არის საუბარი, ასეთი ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებებს. უბრალოდ, ამ ფოტოებში აღმოჩნდა ერთ-ერთი, რომელსაც აცვია „ქართული ოცნების“ მაისური.

არანაირი კავშირი არც იმ ფეისბუქგვერდს და არც იმ ადამიანებს, რომლებმაც აქცია თუ ქველმოქმედება ჩაიდინა, ჩვენს პარტიულ ორგანიზაციასთან არ აქვს“, – განაცხადა გულორდავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი