ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი მოქალაქეებს ქართული მხარის მიერ ვაქცინის შეთავაზების შესახებ აფრთხილებს

7 სექტემბერი, 2021 • 1486
ცხინვალი მოქალაქეებს ქართული მხარის მიერ ვაქცინის შეთავაზების შესახებ აფრთხილებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი “საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ნეგატიურ ტენდენციაზე” განცხადებას აქვეყნებს და სასაზღვრო სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, არ დაარღვიონ “სახელმწიფო საზღვრის კვეთის” კანონი.

“მიღებული ინფორმაციის ანალიზი მიუთითებს საქართველოს მოსახლეობის არა მხოლოდ უკიდურესად დაბალი ინტენსივობის იმუნიზაციის პროცესზე, არამედ ლეტალობის შემთხვევების რეგულარულ ზრდაზე”, – აცხადებს ცხინვალის უშიშროების უწყება და მეტი სარწმუნოებისთვის მოჰყავს «New York Times» -ის 23 აგვისტოს სტატია, სადაც საქართველო ეპიდემიოლოგიური კუთხით არის განხილული.

“კრიტიკული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წასაქეზებლად, მასობრივი იმუნიზაციის მიზნით ოსურ-ქართული საზღვარი უკანონოდ გადაკვეთონ, რაც ოფიციალური თბილისის პოლიტიკის ნაწილია, რესპუბლიკის მოქალაქეები საკუთარ სოციალურ წიაღში მიიზიდონ”, – აცხადებს ოსური მხარე.

შესაბამისად, უწყება “დაჟინებით” მოუწოდებს გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, გაგებით მოიკიდონ შექმნილ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ ვითარებს და არ დაარღვიონ სასაზღვრო კანონი, რომელიც ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი