ახალი ამბები

ძლიერი წვიმა ფოთში: დაიტბორა ქუჩები, ეზოები და სარდაფები

3 სექტემბერი, 2021 • 1614
ძლიერი წვიმა ფოთში: დაიტბორა ქუჩები, ეზოები და სარდაფები

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ზოგიერთი სატუმბი სადგური უხვ ნალექს ვერ გაუმკლავდა, რამაც ქალაქის მასშტაბით — როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ისე გარეუბნებში — პრობლემები შექმნა.

წვიმა ფოთში 2 სექტემბრის ღამით დაიწყო და 3 სექტემბერს, დღის საათებშიც გაგრძელდა.

“რომ გადავამოწმეთ, 24 საათში მოვიდა 125 მმ [ნალექი] და 12 საათში მოვიდა 75 მმ. ეს უკვე, ფაქტობრივად, სტიქიას უტოლდება, იმხელა ნალექი მოვიდა წუხელ, 03:00 საათის შემდეგ…

სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს, არ გაჩერებულა, [თუმცა] ეს სადგურები ვერ მოერია ამხელა ნალექს.

რიონიც ადიდებული იყო. მოგეხსენებათ, ჩვენი წყლები რიონში ჩაედინება და როცა რიონში [წყლის დონე] იმატებს, ამხელა ნალექს ვერ იღებს მდინარე, რის გამოც უკუშემოდინება ხდება არხებში”, — უთხრა “ნეტგაზეთს” ფოთის მელიორაციის სამსახურის უფროსმა, ლევან ჭედიამ.

ფოთის თეატრის მიმდებარე ტერიტორია ძლიერი წვიმის შემდეგ. 03.09.21

ჭედიას თქმით, ძირითადად ქუჩები და ეზოები დაიტბორა, თუმცა “რამდენიმე ოჯახის” შემთხვევაში, წყალი სარდაფებშიც შევიდა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

მისი ინფორმაციით, ძირითადად დაზარალდნენ ოჯახები ნაბადის უბანში. აღნიშნული ტერიტორია ძლიერი წვიმების დროს ხშირად იტბორება. ლევან ჭედიას თანახმად არეალში, სადაც წყალი დადგა, მუშაობს ერთი სატუმბი სადგური, რომელიც “ძალიან დიდ ფართობს ემსახურება”.

ფოთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქის ყველა ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლები უკვე მუშაობენ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის დასათვლელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი