ახალი ამბები

რუსული რადიკალური მოძრაობის ლიდერი საქართველოში თემის დაარსებას გეგმავს

6 სექტემბერი, 2021 • 4179
რუსული რადიკალური მოძრაობის ლიდერი საქართველოში თემის დაარსებას გეგმავს

რუსული რასისტული, ქალთმოძულე, ჰომოფობიური და ძალადობრივი ორგანიზაციის, „კაცთა სახელმწიფოს“ ლიდერი, ვლადისლავ პოზდნიაკოვი აცხადებს, რომ საქართველოში თემის დაარსებას გეგმავს.

18 აგვისტოს თავის ერთ-ერთ ტელეგრამ-არხში პოზდნიაკოვმა დაწერა, რომ „აქტიურად მოგზაურობს საქართველოში და გადაწყვიტა, თემი აქ დააარსოს“.

რას წარმოადგენს „კაცთა სახელმწიფო“?

„კაცთა სახელმწიფო“ რუსეთში 2016 წელს ქალაქ ბალაკოვოს მაცხოვრებლის, ვლადისლავ პოზდნიაკოვის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა ქალთმოძულე, ნაციონალისტური, ჰომოფობიური და რასისტული განცხადებებით.

პოზდნიაკოვმა და მისმა ორგანიზაციამ მედიის ყურადღება არაერთხელ მიიქცია აქტივისტებისდამი მუქარის თუ სხვა ქმედებების გამო.

რამდენიმე დღის წინ, პოზდნიაკოვის ინიციატივით, შავკანიანი მოდელის რეკლამაში მონაწილეობის გამო მისმა მხარდამჭერებმა მოაწყვეს მასიური შეტევა რუსეთსა და მის მზეობელ ქვეყნებში მოქმედ რესტორნებზე, „ტანუკი“ და „იობიდაიობი“. კერძოდ, ისინი აკეთებდნენ შეკვეთებს, თუმცა უარს ამბობდნენ ფულის გადახდაზე, ხოლო რესტორნების ვებ-გვერდებზე აწყობდნენ DDOS-შეტევებს.

რესტორან „ტანუკისგან“ პოზდნიაკოვი რეკლამის წაშლას და „რუსი ერის წინაშე უცხო ღირებულებების თავზე მოხვევისთვის“ ბოდიშის მოხდას ითხოვდა.

პოზდნიაკოვი და მისი მხარდამჭერები ასევე ემუქრებოდნენ არაერთ აქტივისტს. „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის ცნობით, პოზდნიაკოვმა ინტერნეტში აქტივისტების პირადი მონაცემები განათავსა. მხატვარმა დარია სორენკომ დაწერა, რომ მონაცემების განთავსებიდან მალევე მას უთვალთვალებდნენ.

პოზდნიაკოვი ასევე გამოეხმაურა 5 ივლისის მოვლენებს თბილისში. მან შეაქო ძალადობრივი აქციის მონაწილეები და განაცხადა, რომ „სხვა სახელმწიფოებმა ამ მაგალითს უნდა მიბაძონ“.

გარდა ამისა, ორგანიზაცია „სოცფემ ალტერნატივის“ წარმომადგენლები, რომლებიც ასევე გახდნენ პოზდნიაკოვის და მისი მხარდამჭერების დევნის მსხვერპლნი, განაცხადეს, რომ „კაცთა სახელმწიფო“ 13 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრ „ე“-სთან.

ცენტრი „ე“ რუსეთში ცნობილია, როგორც აქტივისტების და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების დევნის ინსტრუმენტი.

„სოცფემ ალტერნატივის“ წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს რუსეთის შსს-ს რაპორტი აქტივისტების შესახებ, რომელიც შეიცავს პოზდნიაკოვის მიერ გამოქვეყნებული პირადი მონაცემების იდენტურ ინფორმაციას. რუსეთის შსს-ში განაცხადეს, რომ „შემოწმებამ დარღვევები ვერ აღმოაჩინა, ხოლო სამსახურეობრივი ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემის ფაქტი არ გამოვლინდა“.

თავად პოზდნიაკოვს 2018 წელს მიუსაჯეს ორი წელი პირობითი სასჯელი ქალთა მიმართ სიძულვილის გაღვივების ბრალდებით. რამდენი თვეში განაჩენი გააუქმეს, რის შემდეგაც რუსეთი დატოვა.

პოზდნიაკოვი საქართველოში

2020 წლიდან იწერებოდა, რომ შესაძლოა, პოზდნიაკოვი საქართველოში იმყოფებოდეს.

2020 წლის 6 ივნისის მასალაში „რადიო თავისუფლება“ წერს, რომ პოზდნიაკოვის ერთ-ერთ სტრიმზე აქტივისტებმა დაინახეს რეკლამა ქართულ ენაზე, რის შედეგადაც დაასკვნეს, რომ იგი შეიძლება საქართველოში იყოს.

იმავე წლის 7 ნოემბრის მასალაში „ეხო მოსკვი“ წერს, რომ პოზდნიაკოვი, სხვადასხვა მონაცემით, პოლონეთში ან საქართველოში ცხოვრობს.

18 აგვისტოს თავის კიდევ ერთ ტელეგრამ-არხში პოზდნიაკომა დაადასტურა, რომ საქართველოში იმყოფებოდა.

მან დაწერა, რომ საქართველოში გეგმავს „კაცთა სახელმწიფოს“ თემის დაარსებას. მისივე თქმით, 2021 წლის ბოლოს საქართველოში ბინის ყიდვა მოუწევს, ხოლო ამჟამად აგროვებს ფულს კოტეჯის აშენებისთვის.

ამასთან ერთად, „ინსტაგრამში“ მან გამოაქვეყნა ფოტო, თუ როგორ ისვენებს — სოფელ მერისში (ქედის მუნიციპალიტეტი) მდებარე სასტუმროში.

სქრინშოთი პოზდნიაკოვის „ინსტაგრამიდან“

ხუთშაბათს პოზდნიაკოვის ტელეგრამ-არხში გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანის საზღვრის კვეთისას დააკავეს:

„ეს ვლადის [ტელეგრამ-არხის] ერთ-ერთი ადმინისტრატორია. იგი აზერბაიჯანის საზღვრის კვეთისას დააკავეს. მეტი ინფორმაციის მოწოდება ამჟამად არ შემიძლია. როცა რაიმე ცნობილი გახდება, გამოვაქვეყნებთ. [საბანკო] ბარათზე ფულს ნუ გადმორიცხავთ- ან დაბლოკავენ, ან უკვე დაბლოკეს“.

რუსული გამოცემა, „ლენტა.რუ“ სამართალდამცავ ორგანოებში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პოზდნიაკოვის დაკავების მიზეზი, შესაძლოა, სატელეფონო ტერორიზმში ბრალდება გამხდარიყო.

პოსტში არ არის დაკონკრეტებული, პოზდნიაკოვი რომელი ქვეყნის მესაზღვრეებმა დააკავეს. აზერბაიჯანული გამოცემა „ჰაქინ“ წერს, რომ პოზდნიაკოვი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს არ დაუკავებიათ. რუსული სახელმწიფო გამოცემა, „რია ნოვოსტი“ კი იუწყება, რომ იგი არც რუს მესაზღვრეებს დაუკავებიათ.

პარასკევს ამავე ტელეგრამ-არხში კიდევ ერთი პოსტი გამოქვეყნდა. ავტორი წერს, რომ აქამდე გამოქვეყნებული ინფორმაცია პოზდნიაკოვის დედისგან მიიღო და მხოლოდ ის იცის, რომ იგი აპირებდა  ადგილსამყოფელის ცვლილებას — „ბოლოს რომ ველაპარაკე, ჩემოდანი ჩალაგებული ჰქონდა. ამის შემდეგ მისი ტელეფონი და მესენჯერი მიუწვდომელია“.

ავტორის თქმითვე, მედიაში ვრცელდება ცნობები, თითქოს პოზდნიაკოვი რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს. იგი აღნიშნავს, რომ „არ ესმის, თუ რა შუაშია აქ ეს საზღვარი“.

შაბათს პოზდნიაკოვმა ტელეგრამ-არხში ხმოვანი შეტყობინება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ არ დაუკავებიათ.

„ნეტგაზეთმა“ დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებების პრეს-სამსახურებში გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებდნენ და დაგვიკავშირდებოდნენ. პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი