ახალი ამბებიეკონომიკა

დაფიქსირდა ინფლაციის 10-წლიანი რეკორდი

3 სექტემბერი, 2021 • 2285
დაფიქსირდა ინფლაციის 10-წლიანი რეკორდი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის პერიოდში რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლოს ინფლაციის უფრო მაღალი დონე ქვეყანას 2011 წლის მაისში ჰქონდა.

დიაგრამა ასახავს წლიურ ინფლაციას 2010 წლიდან დღემდე. 2011 წლის მაისის შემდეგ [14.3], ქვეყანაში ინფლაციის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

თვიური ინფლაციის შემთხვევაში, ფასები წინა თვესთან, ანუ 2021 წლის ივლისთან შედარებით 0.7 პროცენტითაა გაზრდილი.

წლიური ინფლაციის შემთხვევაში, ფასები გაზრდილია ყველა ჯგუფში, გარდა კავშირგაბმულობისა, სადაც 0.4- პროცენტიანი გაიაფება დაფიქსირდა.

2021 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით/წყარო: საქსტატი

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.09 პროცენტული პუნქტით აისახა, მათ შორის ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ზეთი და ცხიმი (43.9 პროცენტი);
  • ბოსტნეული და ბაღჩეული (42.2 პროცენტი);
  • რძე, ყველი და კვერცხი (17.3 პროცენტი);
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი);
  • პური და პურპროდუქტები (13.0 პროცენტი);
  • თევზეული (11.9 პროცენტი);
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (11.5 პროცენტი);
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.3 პროცენტი);
  • ყავა, ჩაი და კაკაო (6.8 პროცენტი);
  • ხილი და ყურძენი (5.4 პროცენტი).

გარდა სასურსათო ჯგუფისა, ფასები გაიზარდა ტრანსპორტის ჯგუფში – 22.5 პროცენტით, კომუნალურების ჯგუფში- 11.6 პროცენტით, ჯანდაცვის ჯგუფში – 10.9 პროცენტით.

რა გავლენა აქვს ინფლაციის დონეს

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, მიზნობრივი წლიური ინფლაცია ამჟამად 3 პროცენტია, რაც 9.8 პროცენტით ჩამორჩება საქსტატის მიერ დაანგარიშებულ მონაცემს აგვისტოს მდგომარეობით.

ინფლაციას ებმის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა. ამჟამად ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთად 10.0 პროცენტი აქვს დადგენილი, რომელიც 4 აგვისტოს 0.5 ერთეულით, ივლისის თვის ინფლაციის გათვალისწინებით, გაიზარდა. შემდეგ ჯერზე რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა 15 სექტემბერს უნდა განისაზღვროს.

ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი შარშან, 5 აგვისტოს, 0.25 ერთეულით შემცირდა და 8.0 პროცენტს მიაღწია. ამ თარიღის შემდეგ  ან უცვლელია, ან იზრდება.

როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ივლისის თვეში ეკონომიკა 9.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12.2 პროცენტია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი