ახალი ამბები

არასდროს არის გვიან – ჰარცელი ენმ-ის მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე

2 სექტემბერი, 2021 • 961
არასდროს არის გვიან – ჰარცელი ენმ-ის მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის/19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერას და აცხადებს, რომ დოკუმენტის ხელმოწერა არასდროს არის გვიან.

2 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის/ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შედგა.

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მელიამ დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიის სახელით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი პარლამენტარების ჩათვლით, და თავი არავის შეუკავებია“.

ეს კი, მისი თქმით, ნიშნავს, რომ ამჟამად პარლამენტის 150 არჩეული წევრიდან 147-მა სხვადასხვა ეტაპზე მხარი დაუჭირა შეთანხმებასა და მის შინაარსს.

„ჩემი აზრით, ხელმოწერა იმისა, რაც, პირველ რიგში, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან. და, შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან“, – განაცხადა 2 სექტემბერს კარლ ჰარცელმა.

„გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება შეთანხმებას“, – განაცხადა მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კარლ ჰარცელის განცხადებით კი, მტკიცედ სჯერა, რომ „ეს რეფორმები სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს“.

„სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ კვლავაც მზად ვართ ვიმუშაოთ ყველასთან, ვინც ამ რეფორმების განხორციელების ერთგულია“, – განაცხადა მან.


ენმ-ის მიერ დოკუმენტის ხელმოწერას წინ უძღოდა, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმების დატოვება, მეორე მხრივ კი, „ოცნების“ მთავრობის მიერ ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს მიღებაზე უარი „სესხის შემცირების“ მოტივით.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გავიდა.

კობახიძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ უარი, დოკუმენტზე ხელი მოაწერონ. ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან „შეთანხმების მუდმივი დარღვევა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი