ლეიბორისტული პარტიის წევრი და თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი მამუკა ჯუღელი პოლიციამ დააკავა.
ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ჯუღელი დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ლეიბორისტულ პარტიაში აცხადებენ, რომ მამუკა ჯუღელის დაკავება მოჰყვა თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც პარტიის წარმომადგენლები თბილისის მერისგან მოითხოვდნენ გეგმას, თუ როდის აღდგებოდა საჯარო ტრანსპორტი ქალაქში.
“მერიაში მივედით, რათა ქალაქის მერისგან მოგვეთხოვა, რომ წარმოედგინა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის გეგმა.
პროტესტის გამოსახატად შევედით მერიის შენობაში, რა დროსაც, მომენტალურად პოლიციელებმა და დაცვამ ძალის გამოყენებით გამოგვიყვანეს. ამ მომენტში მამუკამ მიმართა პოლიციელებს, რომ ისინი ასრულებდნენ უკანონო დავალებას და იყვნენ მონები, რასაც მოჰყვა მისი დაკავება”, – განუცხადეს ნეტგაზეთს ლეიბორისტულ პარტიაში.