ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მეგობრული რჩევა აფხაზებს – ორიენტაცია თბილისზე

1 სექტემბერი, 2021 • 4778
მეგობრული რჩევა აფხაზებს – ორიენტაცია თბილისზე

ავტორი: ზურა წურწუმია


2021 წლის აგვისტოს თვეში სოხუმის „სახელმწიფო ტელევიზიის“ ეთერში იბრაჰიმ იაგანოვის გამოსვლამ აფხაზურ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. აფხაზეთის გმირი, ომის დროს ჩერქეზი მოხალისეებისგან შექმნილი ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური აფხაზებს თბილისთან ურთიერთობის გადახედვასა და დაახლოებისკენ მოუწოდებდა. აფხაზურ სოციალურ ქსელში ბევრისთვის გაუგებარი, მოულოდნელი და ღალატის ტოლფასი აღმოჩნდა მსგავსი სიტყვების მოსმენა იმ ადამიანისგან, რომელიც აფხაზეთში ასე დაფასებულია და მოხალისეების საპატიო რიგს განეკუთვნება. თუმცა ბევრ კომენტარში მსჯელობაც ჩანდა, რადგან იაგანოვის მოსაზრებას თავისი ლოგიკა აქვს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, თუ რა ითქვა, არამედ იმასაც – თუ ვინ თქვა.

ჩრიდლოკავკასიელი მეომრები აფხაზებისთვის „მოხალისეები“, ხოლო ჩვენთვის ავადნაცნობი „ბოევიკები“ არიან. აფხაზური მხარის მიხედვით, ომში დაახლოებით ორიათასამდე ასეთი მეომარი მონაწილეობდა და მათგან 260-ზე მეტი დაიღუპა. მოხალისეების უდიდეს ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიიდან იყო და მათ ორგანიზებას კავკასიელ მთიელ ხალხთა კონფედერაცია ახორციელებდა, რომელმაც 1992 წლის 21 აგვისტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ქართველი მძევლად, ხოლო თბილისი – უბედურების ზონად გამოაცხადა.

სოხუმში ყოველი წლის 15 აგვისტოს მოხალისის დღეს აღნიშნავენ. თარიღი სიმბოლურია, რადგან პირველი მოხალისეები აფხაზეთში სწორედ ამ დღეს (ომის დაწყებიდან მეორე დღეს!) ჩავიდნენ. ასეულობით მოხალისე ომის შემდგომ აფხაზეთის გმირის წოდებით ან მაღალი სამხედრო ორდენით დაჯილდოვდა. ორგანიზაცია ვეტერანი მოხალისეების კავშირი ყოფილ თანამებრძოლებს შორის ურთიერთობის შენარჩუნებას ემსახურება. ცალკე ყურადღება ეთმობა დაღუპული მოხალისეების ოჯახის წევრებს, რომლებსაც წლებია აფხაზეთში პერიოდულად მასპინძლობენ. მათთან ურთიერთობა პოლიტიკის დონეზეც არის აყვანილი –  დე ფაქტო პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი სწორედ ჩრდილოკავკასიელ მოხალისე-ვეტერანებთან ურთიერთობებს კურირებს.

ომში ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების მონაწილეობას თავის დროზე ჰქონდა როგორც სამხედრო, ისე – იდეოლოგიური დანიშნულებაც. წარმოდგენა, რომ მთელი ჩრდილოეთ კავკასია დადგა აფხაზების გვერდით, ქმნიდა სამართლიანი ომის განცდას. გარდა ნაციონალისტური წარმოდგენებისა (აფხაზებსა და ჩერქეზებს შორის ნათესაური კავშირი), ასევე პოპულარული იყო იდეა იმის შესახებ, რომ თბილისის დამარცხებით აფხაზები მოიპოვებდნენ თავისუფლებას და გაჭრიდნენ ფანჯარას თავისუფალ სამყაროში. ეს იქნებოდა ჩრდილოკავკასიელებისთვის სამომავლო მაგალითი.

იაგანოვი ინტერვიუში სწორედ ამ მოტივებზე საუბრობდა. ის, რომ კონფედერაციის ლიდერების ეს პოლიტიკური მიზნები არარეალური და არასერიოზული იყო, ჩეჩნეთის პირველ ომშივე გამოჩნდა – ორგანიზაციამ ჩეჩნების თავისუფლებას მხარი არ დაუჭირა, არც აფხაზი მოხალისეები ჩასულან დუდაევის დასახმარებლად. კონფედერაცია ძალაუნებურად თუ გამიზნულად რუსული პოლიტიკის ინსტრუმენტი გამოდგა, რომელმაც თავისი თავი აფხაზეთის ომში ამოწურა.

აფხაზური საზოგადოებისთვის ომის დასრულებიდან ოცდაათი წლის შემდეგაც კი ჩრდილოეთ კავკასიელების ცალმხრივი მხარდაჭერა თავის იდეოლოგიურ მნიშვნელობას ინარჩუნებს. მათი მხარდაჭერა ისევ მიიჩნევა, როგორც ერთ-ერთი მორალური საბუთი იმისა, რომ ისინი სწორ პოზიციაზე დგანან და აფხაზეთი არ არის და ვერ იქნება საქართველოს ნაწილი. ჩრდილოეთ კავკასიელების მხრიდან ომის გადაფასება და თუნდაც ნეიტრალური პოზიციის დაკავება მათ სეპარატიზმს სწორედ ამ მორალურ მხარდაჭერას აცლის. ასეთ შემთხვევაში ისინი მტრების და უცხო ხალხის გარემოცვაში ხვდებიან: ერთი მხრივ, არის მტრული საქართველო, ხოლო, მეორე მხრივ – გაუცხოებული კავკასია და რუსეთი, რომელთან მეგობრობის გულწრფელობის ცოტას თუ სჯერა.

იბრაჰიმ იაგანოვმა თავისი სიტყვებით აფხაზური საზოგადოება, ერთი მხრივ, სწორედ ასეთი მეგობრული გარემოს არსებობაში დააეჭვა, თუმცა იმის ხაზგასმით, რომ აფხაზებს მეგობრები ისევ ჰყავთ კავკასიონის მეორე მხარეს. მან ინტერვიუს დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ომში აფხაზების მხარეზე მონაწილეობას ის არ ნანობს და განმარტა, თუ რა ლოგიკას მიჰყვება მისი ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი პოზიცია. იაგანოვის აზრით, აფხაზეთი წარუმატებელი პროექტი გამოდგა. ის ვერ გახდა დამოუკიდებელი და, შესაბამისად, ვერ იქნება ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის თავისუფლების, განვითარებისა და წესრიგის ნიმუში, გზა, რითაც რეგიონი პროგრესულ სამყაროს დაუკავშირდება. ეს გზა, მისი აზრით, საქართველოზე გადის.

იაგანოვს ახალი არაფერი უთქვამს. მან ეს აზრი წლების წინ სხვადასხვა გამოსვლისა და ინტერვიუს დროს გამოთქვა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის მხოლოდ თავის აზრს არ გამოხატავს და მსგავსი მსჯელობები თუნდაც იმავე ჩერქეზულ საზოგადოებაში გარკვეული დოზით მიმდინარეობს.

აშკარაა, რომ იაგანოვის განწყობებზე დიდი გავლენა იქონია 2011 წელს საქართველოს მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარებამ და ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნამ თბილისში. თუმცა საკვანძო ადგილი აქ უნდა დაეთმოს არა იმდენად ზემოთ ნახსენებ დეკლარირებულ გადაწყვეტილებებს, არამედ – საფუძვლებს, იმ რეფორმებსა და ცვლილებებს, რომლებიც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო.

დემოკრატიზაცია, მყარი სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და თანასწორობა, ეკონომიკური რეფორმები და განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელიც ამ სიკეთეებს თავის თავზე გამოცდის, არამედ – ჩვენი ჩრდილოკავკასიელი მეზობლებისთვისაც.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული სამყაროს ნაწილად ქცეულ ამ რესპუბლიკებისთვის დემოკრატიზაციისა და თავისუფლების გზაზე ჩვენი რეფორმები თუ წარმატებები ნამდვილად იმედის მომცემია. ეკონომიკურად განვითარებული და პროგრესული სამყაროს ნაწილად ქცეული საქართველოს მიმზიდველობა უბრალოდ ლოზუნგი არ არის. მას თავისი პრაქტიკული მნიშვნელობაც გააჩნია. სწორედ ამ პრაქტიკულობამ ათქმევინა მას აფხაზური საზოგადოებისთვის, რომ დროა, პირველ რიგში, თავისთვის სასიკეთოდ, ქართველებთან და თბილისთან დამოკიდებულებას გადახედონ. საერთო ფასეულობებისადმი სწრაფვა ის ერთ-ერთი მიზეზია, რომელსაც კონფლიქტზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

ჩერქეზების დანაყოფი სოხუმში; ფოტო: www.adygi.ru

მასალების გადაბეჭდვის წესი