ახალი ამბები

ელენე ხოშტარიამ პარტიის ახალი წევრები წარადგინა

31 აგვისტო, 2021 • 1013
ელენე ხოშტარიამ პარტიის ახალი წევრები წარადგინა

ელენე ხოშტარიამ “დროას” ორი ახალი წევრი, გიორგი ჩახუნაშვილი და ვილი პაჭკორია წარადგინა. წარდგენა დღეს, 31 აგვისტოს გაიმართა, სადაც ხოშტარიამ და პარტიის ახალმა წევრებმა კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

პარტიის ცნობით, გიორგი ჩახუნაშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და საქართველოს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია, ვილი პაჭკორია კი მედიცინის დოქტორი, პროფესორი და საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტია.

“უმძიმეს კოვიდვითარებაში ვართ. ყოველდღე ვკარგავთ ათეულობით ადამიანს.  ასეთ დროს გადამწყვეტ როლს თამაშობს ყოველი მოქალაქის და პროფესიონალის ჩართულობა. ზუსტად ასეთი პროფესიონალები შემოუერთდნენ ჩვენს გუნდს, რომლებიც შეეცდებიან საკუთარი წვლილი შეიტანონ პანდემიასთან ბრძოლაში”, – განაცხადა ხოშტარიამ წარდგენისას.

პარტია აცხადებს, რომ პანდემიის მართვაზე პასუხისმგებელი პირები მენეჯმენტში შეცდომებს უშვებენ, რისი მიზეზიც პანდემიის მართვის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა. პარტია აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესი “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში უნდა წარიმართოს.

“დროა” მიიჩნევს, რომ ეპიდსიტუაციის დასტაბილურებისთვის შემდეგი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო:

  • შეწყდეს პანდემიის მართვის დროს პოლიტიზებული გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ, არასწორი მართვის შედეგების მოქალაქეებსა თუ მედპერსონალზე გადაბრალება.
  • ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეწყვიტონ განცხადებებითა თუ ქცევით ვაქცინაციისა და კოვიდ რეგულაციის დაცვის მოწინააღმდეგეთა წახალისება.
  • დაიწყონ მუშაობა აცრის მობილურმა ჯგუფებმა იქ, სადაც არ არსებობს სამედიცინო პუნქტები, დაიწყოს ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით ყველა კლინიკასა თუ პოლიკლინიკაში. ასევე შესაძლებელია, ამ პროცესში სააფთიაქო ქსელების ჩართვა.
  • აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის შედეგად, ვაქცინირებულთა დღიური რიცხვი უნდა გაიზარდოს 40 000-მდე, რათა სექტემბრის ბოლოს სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობამ მიაღწიოს 1 200 000-ს, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ვითარებას.
  • აუცილებლად უნდა შესრულდეს უკვე გაცემული ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 15 სექტემბრამდე ყველა იმ სკოლას, რომელშიც 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, უნდა ჰყავდეს გადამზადებული ექიმი. ხოლო 2022 წლის სექტემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლაში უნდა არსებობდეს ექიმი, რომელიც იქნება სასწავლო სივრცეში ეპიდემიოლოგიური რეჟიმის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი მთავარი პირი.
  • გამკაცრდეს კონტროლი რუსეთთან საზღვარზე, რადგან რუსეთის მოქალაქეები ხშირად სარგებლობენ ყალბი კოვიდ პასპორტებით და ხდებიან ვირუსის გავრცელების წყაროები.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის გართულებების შედეგად კი 79 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი