ახალი ამბები

შეთანხმება ბელარუსთან არავის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული – ღარიბაშვილი

31 აგვისტო, 2021 • 851
შეთანხმება ბელარუსთან არავის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბელარუსთან უსაფრთხოების სფეროში დადებული შეთანხმება არავის, მათ შორის ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული.

“ბელარუსთან შეთანხმება არც ერთი მოქალაქის, მათ შორის ბელარუსის არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის და არ იქნება გამოყენებული, ეს არის ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით.

ესეც არის მორიგი კლასიკური მაგალითი, როგორ იქმნება ფეიკნიუსი, ყალბი ნიუსი და როგორ აბრუნებენ ერთი მხრივ, პრიმიტიულ მოცემულობას სახელმწიფოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოსა და ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

საქართველოსა და ბელარუსს შორის შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. შეთანხმება ბელარუსში ძალაში წელს შევიდა.

ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსთა ნაწილი საქართველოს მთავრობას აღნიშნული შეთანხმების გაუქმებისკენ მოუწოდებს, რადგან მიაჩნიათ, რომ მინსკმა, შესაძლოა, ეს შეთანხმება საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების საზიანოდ გამოიყენოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი