ახალი ამბები

ბაიდენი ზელენსკის 1 სექტემბერს თეთრ სახლში მიიღებს

30 აგვისტო, 2021 • 713
ბაიდენი ზელენსკის 1 სექტემბერს თეთრ სახლში მიიღებს

1 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიღებს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრა გაიმართება ორ ქვეყანას შორის სოლიდარობის ნიშნად.

პრეზიდენტების შეხვედრა თავდაპირველად 30 აგვისტოს იგეგმებოდა, თუმცა აშშ-ში ქარიშხალ იდასა და ავღანეთიდან ძალების გამოყვანის ფონზე, 2 დღით გადაიდო.

„ვიზიტი განამტკიცებს აშშ-ის უპირობო მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის აგრესიის პირისპირ“, – განაცხადეს თეთრი სახლის ადმინისტრაციაში.

ლიდერები ასევე განიხილავენ ენერგოუსაფრთხოებისა და ზელენსკის მიერ რეფორმების ჩატარებისას აშშ-ის მხარდაჭერის საკითხებს.


2021 წლის გაზაფხულზე, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსული აგრესიის გააქტიურების ფონზე, ბაიდენმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, თუმცა დაიმსახურა კრიტიკა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო — მისმა ადმინისტრაციამ უარი თქვა გაზსადენის პროექტის აშენებაზე მომუშავე კომპანიის სანქცირებაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის გამარჯვებაა და პერსონალური მარცხია ბაიდენისთვის. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პროექტს ეწინააღმდეგებიან და გეგმავენ, სანქციები უფრო მცირე კომპანიებს დაუწესონ.

ამასთან ერთად ცნობილია, რომ აშშ-მა უკრაინას კორონავირუსის ვაქცინის 900 000 დოზა გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი