“ქართულმა ოცნებამ” პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები წარმოადგინა.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კითხვაზე „ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“ პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები ასე განაწილდა:
- ქართული ოცნება — 47,4%
- ნაციონალური მოძრაობა — 25,2%
- გირჩი – მეტი თავისუფლება — 4,9%
- საქართველოსთვის — 4,7%
- მოქალაქეები — 3,2%
- ლელო — 2,4%
- პატრიოტთა ალიანსი — 1,9%
- ევროპული საქართველო — 1,8%
- სტრატეგია აღმაშენებელი — 1,7%
- გირჩი — 1,1%
- ლეიბორისტული პარტია — 0,7%
- ერთიანი საქართველო — 0,7%
- სხვა პარტიები — 4,3%.
ამ მონაცემებით, თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატიდან 22-ს „ქართული ოცნება“ მიიღებდა, 12-ს — ენმ, 2-2 მანდატს კი „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“.
თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილი რეიტინგების თანახმად, 60,1% მოქმედ მერს და “ოცნების” კანდიდატ კახა კალაძეს უჭერს მხარს, ხოლო 29,2% — ნიკა მელიას.
“როგორც ხედავთ, კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს არჩევნებში. გამოვთქვამთ იმედს, რომ სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციას ეყოფა კეთილგონიერება და არ მიმართავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს, რისი მომსწრეც ქართული საზოგადოება პრაქტიკულად ყველა წინა არჩევნების დროს არაერთგზის გამხდარა. ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეწყდება საუბრები არჩევნების გადადებაზე, რაც უსათუოდ ოპოზიციის მიერ საარჩევნო კაპიტულაციის წინასწარ გამოცხადებად იქნება აღქმული”, — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
“ქართული ოცნების” თანახმად, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2 958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2-მა პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარი 3%-ია.
