ახალი ამბები

ელიავას ბაზრობის განვითარების პროექტს კერძო მესაკუთრეები განახორციელებენ — კალაძე

26 აგვისტო, 2021 • 2385
ელიავას ბაზრობის განვითარების პროექტს კერძო მესაკუთრეები განახორციელებენ — კალაძე

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიასა და ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მესაკუთრეებს შორის შედგა შეთანხმება ელიავას ბაზრობის განვითარების კონცეფციაზე.

კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი გეგმარების საფუძველზე, პროექტს თავად მესაკუთრეები განახორციელებენ.

“ელიავას ბაზრობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზონას წარმოადგენს, თუმცა მისი არსებული მდგომარეობა, ვიზუალი და უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღევანდელ თბილისს და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე ქალაქში მცოვრები ადამიანებისთვის. არავის მოსწონს ელიავას ბაზრობის არსებული მდგომარეობა და ამ პრობლემის ასე დატოვება ჩვენთვის მიუღებელია”, — განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერიამ მოლაპარაკებები აწარმოა ყველა მესაკუთრესთან და ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შემუშავდა.

“ეს იქნება ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელსაც მუნიცპალიტეტის მიერ შედგენილი გეგმარების საფუძველზე კერძო  სექტორი, ამ შემთხვევაში, ტერიტორიის მესაკუთრეები თავად განახორციელებენ. მთავარია, რომ შეთანხმება იქნა მიღწეული, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის განვითარება. ძირითადი კონცეფცია მესაკუთრეებთან  შეთნხმებით შევადგინეთ, გამოცხადდა ტენდერი, გამარჯვებულთან დავდეთ გეგმარების შესახებ ხელშეკრულება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. პროექტი, რომელსაც საბოლოოდ შევიმუშავებთ, გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, ასევე მესაკუთრეების და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს”, — განაცხადა კახა კალაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი