ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა რუსეთთან იარაღის შესყიდვაზე ახალი კონტრაქტი გააფორმა

26 აგვისტო, 2021 • 6866
სომხეთმა რუსეთთან იარაღის შესყიდვაზე ახალი კონტრაქტი გააფორმა

მოსკოვში გამართული საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური გამოფენის “არმია-21” ფარგლებში სომხეთმა კონტრაქტი გააფორმანრუსულ კომპანიებთან შეიარაღების მიწოდებაზე. ამის შესახებ azatutyun.am სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის, დიმიტრი შუგაევის განცხადებას აქვეყნებს. შეთანხმების სხვა დეტალები მხარეებს ჯერ არ გაუსაჯაროვებიათ.

თუმცა, იქამდე, 23 აგვისტოს, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, არშაკ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და რუსეთს შეიარაღების სფეროში ახალი ინიციატივები გააჩნიათ იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთს საკუთარი შეიარაღება სჭირდება და ამ მხრივ, რუსეთი ხელს შეუწყობს, მათ შორის,  იარაღის ერთობლივი წარმოების საქმეში.

საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და ახალი იარაღის საჭიროების შესახებ არაერთხელ უსაუბრია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსაც 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სი-ენ ენ-თან საუბრისას განაცხადა, რომ აქვს მოლოდინი, რუსეთი შეწყვეტს სომხეთის შეიარაღებას და მშვიდობის მისაღწევად ყარაბაღთან დაკავშირებით სამმხრივი განცხადების ყველა პუნქტს შეასრულებს, რაზეც კრემლმა საგარეო უწყების მორიგ პრესკონფერნეციაზე პასუხი გასცა ალიევს.

“რუსეთის მხრიდან შეიარაღების მიწოდება სხვა ქვეყნებისთვის მისი [რუსეთის] სუვერენული უფლებაა. ამ მხრივ, შესაბამისი თანამშრომლობა გვაქვს როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან. ამასთან, ვითვალისწინებთ რეგიონში ძალთა ბალანსის აუცილებლობას” , – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ 19 აგვისტოს პრესკონფერენციაზე მედიის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ილჰამ ალიევის განცხადებას შეეხებოდა.

რუსეთის მიერ იარაღის მიყიდვა სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის 2020 წლის ომამდეც მგრძნობიარე საკითხი იყო მხარეებისთვის.

სომხეთის თავდაცვის მინისტრი არშაკ კარაპეტიანი მოსკოვში იარაღის გამოფენაზე; ფოტო: mil.am

მასალების გადაბეჭდვის წესი