ახალი ამბები

სანაიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკული მედიის მიმართ ძალადობის წახალისებაა – TI

25 აგვისტო, 2021 • 834
სანაიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკული მედიის მიმართ ძალადობის წახალისებაა – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” [TI] მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებისთვის სასამართლოს დღევანდელი განაჩენი კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობას წაახალისებს. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების, მათი დისკრედიტაციისა და ხელისუფლების მხრიდან არაეფექტიანი რეაგირების ფონზე, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს წინასაარჩევნოდ მედიაგარემოს”, — აცხადებს TI.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვახო სანაიას საქმე ქვეყნის მედიაგარემოში განვითარებული მოვლენებისგან განყენებულად არ უნდა განიხილებოდეს, როცა კრიტიკული მედიის მფლობელების, მმართველებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ან გამოძიება მიმდინარეობს. TI წერს, რომ შესაბამისი ორგანოები ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს ეფექტურად არ იძიებენ, რომლის მაგალითიც 5 ივლისის მოვლენებია:

“დღემდე არ დამდგარა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე მასიური თავდასხმის ორგანიზატორებისა და ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ დღეს სახელმწიფო ჟურნალისტების უსაფრთხოებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს”, – წერს TI.

ამასთან, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამ ფონზე კი კრიტიკული მედიასაშუალებები მკაფიო გზავნილებს იღებენ, რომ მათზე ძალადობის შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოხდება.

” აღნიშნული გარემოება ამძიმებს მედიის მდგომარეობას წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ, როცა სწორედ მედიის მიერ საზოგადოებისთვის კრიტიკული ინფორმაციის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 25 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის ბრალდებულ 3 პირს — გიორგი სახელაშვილს, ვაჟა გიგაურსა და სულიკო საყევარაშვილს — 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა და ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს, 25 აგვისტოს დატოვებენ.

სულიკო საყევარაშვილს დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით. ვაჟა გიგაურს კი დამატებითი სასჯელის სახით ასევე შეეფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით და 2 500-ლარიანი ჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოიტანა.


ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს მაშინ დაესხნენ, როცა ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სანაიაზე თავდამსხმელები მალევე დააკავეს და ისინი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იყვნენ, რაც სასჯელის მოხდად ჩაეთვალათ.

თავად სანაია თავდასხმას თავის საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი