ახალი ამბები

Nirvana-ს ალბომზე გამოსახული ბავშვი გაიზარდა და Nirvana-ს უჩივის

25 აგვისტო, 2021 •
Nirvana-ს ალბომზე გამოსახული ბავშვი გაიზარდა და Nirvana-ს უჩივის

სპენსერ ელდენი, რომლის ფოტოც ამერიკული როკ-ჯგუფის, Nirvana-ს 1991 წლის ალბომის გარეკანზეა დატანილი, სასამართლოში ჩივის და დასძენს, რომ ეს იყო მისი, როგორც ბავშვის სექსუალური ექსპლუატაცია.

30 წლის წინ გამოშვებული ალბომის გარეკანზე, სახელწოდებით “Nevermind”, გამოსახულია შიშველი ბავშვის ფოტო, რომელიც წყალქვეშ ცურავს და ანკესზე მობმული ერთდოლარიანისკენ იყურება. სურათზე ბავშვის სასქესო ორგანოც ჩანს.

ელდენი დასძენს, რომ სურათი ბავშვთა პორნოგრაფიას წარმოადგენს და მის მშობლებს ამ გამოსახულების გამოყენების ნებართვაზე ხელი არასდროს მოუწერიათ.

BBC-ის თანახმად, სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Nirvana-მ ელდენის სასქესო ორგანოს სტიკერით დაფარვის პირობა დადო, თუმცა ეს, რეალურად, არ მომხდარა.

ფრაგმენტი სპენსერ ელდენის ფოტოდან, რომელიც ალბომის გარეკანზე დაიტანეს. ფოტო: Kirk Weddle

ჩვილების არასექსუალიზებული ფოტოები, აშშ-ის კანონმდებლობით, ბავშვთა პორნოგრაფიად არ განიხილება. თუმცა ელდენის ადვოკატი აღნიშნავს, რომ დოლარის გამოსახულება, რომელიც გარეკანზე ორიგინალი ფოტოს გადაღების შემდეგ დაიტანეს, ქმნის შთაბეჭდილებას, “თითქოს არასრულწლოვანი სექსმუშაკია”.

სარჩელის 15 მოპასუხეს შორის არიან როგორც როკ-ჯგუფის ცოცხალი წევრები, ისე გარდაცვლილი კურტ კობეინის ქვრივი და ხმის ჩამწერი სტუდიები, რომელთაც გამოუშვეს/გაავრცელეს ალბომი. თითოეული მოპასუხისგან ელდენი $150 000-ს ითხოვს.

30 წლის სპენსერ ელდენი აღნიშავს, რომ მისი სახელი და იდენტობა სამუდამოდ დაუკავშირდა კომერციულ სექსუალურ ექსპლუატაციას, რომელიც მან, როგორც არასრულწლოვანმა, განიცადა.

ის ჩივის, რომ აღნიშნულის შედეგად განიცადა და დღემდე განიცდის ზიანს, რთულ და მუდმივ ემოციურ სტრესს, ინტერვენციას განათლებასა და ნორმალურ განვითარებაში.

ელდენმა, როგორც მოზარდმა და სრულწლოვანმა, არაერთგზის მიიღო მონაწილეობა ალბომის ამ გარეკნის გაცოცხლებაში. ეს მოხდა ალბომის 10, 20 და 25 წლის იუბილეებზე. აღნიშნულ ფოტოებში მას საცურაო შორტი აცვია.

ელდენ სპენსერის ფოტო ცნობილი ალბომის გამოშვებიდან 25 წლის შემდეგ. John Chapple / www.JohnChapple.com

2016 წელს ელდენმა Time Magazine-ს უთხრა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ცოტა არ იყოს, აღიზიანებდა თავისი ცნობადობა.

“მაგარი, თუმცა უცნაური შეგრძნებაა, იყო ასეთი მნიშვნელოვანი რამის მონაწილე ისე, რომ არც კი გახსოვდეს, [როდის მოხდა ეს]”.

თუმცა, ასევე, არაერთგზის უსაუბრია გაორებულ დამოკიდებულებაზე ფოტოს მიმართ.

“ძნელია, არ გაღიზიანდე, როცა ხედავ, რამდენი ფულია ამ საქმეში. როცა ბეისბოლის თამაშზე მივდივარ და ვფიქრობ, რომ ამ თამაშის ყველა მონაწილეს აქვს ნანახი ჩემი, როგორც პატარა ბავშვის პენისი… მგონია, რომ ჩემი უფლებების ნაწილი ანულირებულია”.

იმავე წელს New York Post-თან საუბრისას აღნიშნა:

“რა მოხდებოდა, თუ არ ვიქნებოდი თანახმა, რომ ჩემი საშინელი პენისი ყველასთვის ხილული ყოფილიყო? ნამდვილად არ მქონია არჩევანი”.

იყო შემთხვევებიც, როცა უფრო მეტად დადებით განწყობას გამოხატავდა ფოტოს მიმართ:

“ეს ყოველთვის პოზიტიური რამ იყო და [არაერთი] კარი გამიღო. ახლა 23 წლის ვარ და, როგორც ხელოვანს, ამ ისტორიამ მომცა შესაძლებლობა, მემუშავა [მხატვარ] შეპარდ ფაიერთან 5 წლის მანძილზე, რაც არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო. ის მუსიკის დიდი მცოდნეა და როცა გაიგო, ნირვანას ბავშვი ვიყავი, იფიქრა, რომ მართლაც ძალიან მაგარი იყო ეს”, — თქვა ელდენმა The Guardian-თან ინტერვიუში 6 წლის წინ.

ელდენის მამამ ფოტოს გადაღების ისტორია ამერიკის საზოგადოებრივ რადიოს 2008 წელს გაუზიარა. მონაყოლის თანახმად, ფოტოსესია ბავშვის მამის მეგობარმა ფოტოგრაფმა გამართა აუზზე, რაშიც ოჯახს $200 გადაუხადა. ეს ამბავი ოჯახმა მალევე მიივიწყა მანამ, სანამ ბავშვის ფოტო Nirvana-ს ალბომის გარეკანზე არ გამოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი