ფლორიდის შტატის გუბერნატორის პრესმდივანს, ქრისტინა ფუშოუს, რომელიც საქართველოში ცნობილია როგორც ქრისტინე ფშაველა, ტვიტერის ანგარიშთან წვდომა დროებით შეეზღუდა.
გამოცემა FloridaPolitics-ის თანახმად, შეზღუდვა მოჰყვა ფუშოუს პოსტს, რომლითაც მან თავისი 21 800 გამომწერი სააგენტო Associated Press-ის ჟურნალისტის, ბრენდან ფარინგტონის წინააღმდეგ წააქეზა. ფუშოუს გაღიზიანება გამოიწვია სააგენტოს სტატიამ, რომელშიც ფლორიდის გუბერნატორი — რესპუბლიკელი რონ დესანტისი — ფიგურირებდა.
უფრო კონკრეტულად, მასალა ეხება დესანტისის მთავარი დონორის კავშირებს ფონდთან, რომელმაც მილიონობით დოლარის ინვესტიცია ჩადო COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტის – რეგენერონის – წარმოებაში. გუბერნატორი თავისი შტატის მოქალაქეებს ეუბნება, რომ აიცრან, თუმცა ასევე აქტიურად მოუწოდებს, გამოიყენონ ხსენებული მედიკამენტი.
მასალაში ხაზგასმულია ისიც, რომ აღნიშნულმა ფონდმა ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებში უფრო მეტი ფული ჩადო, ვიდრე “რეგენერონის” წარმოებაში, თუმცა, ავტორის სიტყვებით, რესპუბლიკელი გუბერნატორის მთავარ დონორსა და მედიკამენტის მწარმოებელს შორის ურთიერთობამ დემოკრატებს კითხვები გაუჩინა.
გამოცემა FloridaPolitics-ის მიხედვით, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ქრისტინა ფუშოუმ ტვიტერზე მრავალი პოსტი მიუძღვნა Associated Press-ს, მის რედაქტორსა და მასალის ავტორ ჟურნალისტს. გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთ, ამჟამად წაშლილ ტვიტში, ფიშოუმ ზემოხსენებული სტატია გააზიარა შემდეგი მინაწერით:
“ათრიეთ”.
სტატიის ავტორი ჟურნალისტი ბრენდან ფარინგტონი აღნიშნავს, რომ მოკვლის მუქარები მიიღო. ამის შემდეგ მან თავის ტვიტერზე აუდიტორიის წვდომა შეზღუდა.
აღნიშნულის შემდეგ ტვიტერის ადმინისტრაციამ ქრისტინა ფუშოუს 12 საათით შეუზღუდა პოსტის გამოქვეყნებისა და გაზიარების, ასევე, პოსტების მოწონებისა და სხვა ანგარიშების გამოწერის ფუნქცია.
შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ფუშოუმ დაწერა, რომ ტვიტერის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს ფლორიდის გუბერნატორის სიმართლეზე. მისი სიტყვებით, “ადამიანებს, რომლებიც ცრუ ნარატივებს ებრძვიან, ხშირად აჩუმებს კორპორაციული მედია და დიდი კომპანიები”.
ქრისტინა ფუშოუ, რომელიც თავს კონსერვატიული ხედვების ჟურნალისტად აღწერს, მანამდე მუშაობდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილთან, მედიაკონსულტაციის კუთხით.
ის საქართველოში ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივას“.
ფუშოუ ფლორიდის გუბერნატორის პრესმდივნად მიმდინარე წელს დაინიშნა.