ახალი ამბები

2021-ში, 2019-თან შედარებით, ივლისში ქუთაისის აეროპორტში რეისების რაოდენობა 70%-ით აღდგა

13 აგვისტო, 2021 • 761
2021-ში, 2019-თან შედარებით, ივლისში ქუთაისის აეროპორტში რეისების რაოდენობა 70%-ით აღდგა

2019 წელთან შედარებით, წლევანდელი წლის ივლისის თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების რაოდენობა 70%-ით, ხოლო მგზავრების ნაკადი 50%-ით აღდგა.

როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იუწყება,  2021 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42 332 მგზავრს მოემსახურა. 2019 ივლისს ეს რიცხვი 84 728 მგზავრს უტოლდებოდა.

ამასთანავე, 2021 წლის ივლისში შესრულდა 186 რეისი, 2019 წლის ამავე პერიოდში კი — 267. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ოპერირებს.

,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან ახალი მიმართულებების დამატებისა და სიხშირეების ზრდის კუთხით. გაფართოების შემდეგ ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დაგვიბრუნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს ამ ეტაპზე ევროპის 14 მიმართულებით ასრულებს. ასევე, ქუთაისის აეროპორტში შემოვიყვანეთ საქართველოს ავიაბაზრისთვის სრულიად ახალი ავიაკომპანია, ყაზახური დაბალბიუჯეტური FlyArystan და პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან აზიის 4 მიმართულებით, ახლა კვირაში 12 სიხშირით, ასრულებს. ასევე, აგვისტოდან, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების შემდეგ, ქუთაისიდან ოპერირება დაიწყო Belavia-მ.

როგორც ხედავთ, ევროპული მიმართულებებისა და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის დინამიკა ქუთაისის აეროპორტში მზარდია და აგვისტოს თვეში კიდევ უფრო დადებითი მოლოდინები გვაქვს”, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

უწყების თქმითვე, აგვისტოს თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 112 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 54 რეგულარული რეისი შესრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი