მიმდინარე დღეებში ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ვებგვერდი, რომელიც სხვადასხვა კომპანიის წამახალისებელ ინიციატივებს აერთიანებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთათვის. Atsrili.ge-ს ადმინისტრატორები აღნიშნავენ, რომ ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია პანდემიის დასასრულებლად.
“Atsrili.ge არის პლატფორმა, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდების შეთავაზებებს მოიცავს ვაქცინირებული პირებისთვის.
ჩვენი მიზანი – ვაქცინაციის პროცესის მასტიმულირებელი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და რაც შეიძლება მეტი ბრენდის ჩართვაა ამ კარგ საქმეში”, — აღნიშნულია განცხადებაში.
ვებგვერდზე უკვე თავმოყრილია სხვადასხვა პროფილის ათეულობით ობიექტისა თუ ქსელის შეთავაზებები. მათ შორისაა კლინიკა “ევექსი”, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს 500-ლარიანი თანაგადახდის ვაუჩერს ქირურგიულ მომსახურებაზე, ასევე, 50%-იან ფასდაკლებას სრულ ლაბორატორიულ კვლევაზე.
“სამედიცინო სარგებლის მიღება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსაც შეეძლებათ (ბენეფიტის მისაღებად მნიშვნელოვანია, მშობლები ვაქცინის 2 დოზით იყვნენ აცრილი)”, — ამბობს კლინიკა.
კამპანიაში ასევე ჩაერთნენ სხვადასხვა პროდუქტის — ღვინის, კარაქისა თუ შოკოლადის — მწარმოებლები, სასტუმროები, რესტორნები და ა.შ. მათი ნაწილის შეთავაზებები მხოლოდ 1 დოზით აცრილ მოქალაქეებზეც ვრცელდება, ნაწილისა კი — მხოლოდ სრულად აცრილებზე.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, ავტორიზებული კოვიდ-ვაქცინები ეფექტურად იცავენ ადამიანებს სიკვდილისა და მძიმე ფორმით ავადობისაგან.
არაერთ ქვეყანაში ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებისათვის სხვადასხვა კამპანია მიმდინარეობს, მათ შორის ვაქცინირებულ პირებს შორის ლატარიის მეშვეობით თამაშდება თანხა და სხვადასხვა პრიზი.
საქართველოში ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.