ახალი ამბები

“დროა” ხელისუფლებას ყველა კონცერტის და მასობრივი შეკრების გაუქმებისკენ მოუწოდებს

10 აგვისტო, 2021 • 1085
“დროა” ხელისუფლებას ყველა კონცერტის და მასობრივი შეკრების გაუქმებისკენ მოუწოდებს

პარტია “ელენე ხოშტარია – დროა” ხელისუფლებას ყველა კონცერტის და მასობრივი შეკრების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საგანგაშო ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ხელისუფლება რეგულაციებს თავად არღვევს.

“საქართველოში საგანგაშო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5697 ადამიანი დაინფიცირდა და 54 მათგანი გარდაიცვალა. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ აწარმოა ვაქცინაციის ეფექტური კამპანია, თავადვე არღვევს რეგულაციებს. ეპიდემიოლოგების მოწოდების ფონზე, რომ თავი შევიკავოთ მასობრივი თავყრილობებისგან, მთავრობა აწყობს მასობრივ კონცერტებს და მეტიც, ამაში 700 000 ლარს ხარჯავს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი მონაწილეობს „ქეიფში“ და ამაში პრობლემას ვერ ხედავს”, – აცხადებს პარტია.

პარტია “ელენე ხოშტარია – დროა” ხელისუფლებისგან მოითხოვს:

  • დაუყოვნებლივ გააუქმოს ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, რაც დიდი ალბათობით გახდება ადამიანების ინფიცირების წყარო;
  • გახსნას აცრის მობილური პუნქტები, სადაც ადამიანები ერთ სივრცეში შეძლებენ დარეგისტრირებას და ვაქცინის გაკეთებასაც. ხშირად, რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი, აცრის პუნქტები შორს არის, რაც დამატებითი დაბრკოლებაა ვაქცინაციის მსურველებისთვის;
  • მზად ვართ, მოხალისეობისთვის და ნებისმიერ თქვენგანს დავეხმარებით ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესში. დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დაგვირეკეთ ნომრებზე – 599 192 277; 598 642 956.

ამასთან, პარტია “ელენე ხოშტარია – დროა” უარს ამბობს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე.

“მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობისა და მოახლოებული არჩევნებისა, პარტია “ელენე ხოშტარია – დროა” უარს ვამბობთ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე. მოვუწოდებთ ყველას, კამპანია ჩავატაროთ უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფით – პირბადითა და სოციალური დისტანციის დაცვით”, – აცხადებს პარტია.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 54 ადამიანი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ამ მონაცემებით, პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსის 455 846 შემთხვევა გამოვლინდა. 406 475 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 182 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის 43 163 აქტიური შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი