ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ვაქცინაციის მეორე ეტაპი რუსული ვაქცინა “სპუტნიკ ლაითით” იწყება

10 აგვისტო, 2021 • 1585
აფხაზეთში ვაქცინაციის მეორე ეტაპი რუსული ვაქცინა “სპუტნიკ ლაითით” იწყება

დღეიდან, 10 აგვისტოდან, აფხაზეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის მეორე ეტაპი იწყება. ამჯერად მოსახლეობას რუსულ ვაქცინა “სპუტნიკ ლაითს” შესთავაზებენ.

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,  რუსეთთან აწარმოეს მოლაპარაკებები 5000 ათასი დოზის შესაძენად, რომელიც აფხაზეთში 6 აგვისტოს ჩავიდა. აფხაზური მხარის ცნობითვე, რუსული ვაქცინის შეძენა და ტრანსპორტირება მოსკოვის აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელმა, ბესლან აგრბამ უზრუნველყო.

რუსული ვაქცინა “სპუტნიკ ლაითი”, მისი მწარმოებლების განცხადებით, პირველად წარმოებული “სპუტნიკ V”-სგან იმით განსხვავდება, რომ მისი წარმოება უფრო სწრაფ დროში შეიძლება, ამასთან, მისი იმუნური ეფექტი ნაკლებია, თუმცა დაავადებების გართულებებისგან და სიკვდილიანობისგან ისიც იცავს.

რუსული “სპუტნიკით” ვაქცინაცია აფხაზეთში მხოლოდ 2021 წლის მაისის შუა რიცხვებში დაიწყო. ვაქცინის პირველი ტრანში მოსკოვიდან – 6 500 დოზა  უნდა გაზრდილიყო 30000 დოზამდე და, ჯამში, 15 ათასი ადამიანი უნდა აეცრათ, თუმცა პირველი ტრანშის შემდეგ სოხუმს რუსეთიდან ვაქცინა აღარ მიუღია. ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში ამ ეტაპზე სულ 6 398 ადამიანია აცრილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი