ახალი ამბები

საპატრიარქოს უნივერისტეტის რექტორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

9 აგვისტო, 2021 • 1486
საპატრიარქოს უნივერისტეტის რექტორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, სერგო ვარდოსანიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამ ინფორმაციას ის თავად ადასტურებს. უნივერსიტეტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ფლობს და მას ეკლესიისთვის გადაცემული ყოველწლიური საბიუჯეტო თანხიდან სახელმწიფოც აფინანსებს.

ვარდოსანიძემ „ტვ პირველის“ ეთერში გადადგომაზე განცხადების დაწერის მიზეზებზე საუბრისას თქვა, რომ მისი და უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ხედვები ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. უნივერსიტეტში ამ თანამდებობას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი იკავებს.

სერგო ვარდოსანიძემ გადადგომის შესახებ ნეტგაზეთთანაც ისაუბრა, თუმცა დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, საკითხი ბოლომდე მას შემდეგ გადაწყდება, რაც კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.

„პატრიარქთან დევს ჩემი განცხადება, მე მისი დანიშნული ვარ და მანვე უნდა გადაწყვიტოს“, – ამატებს ის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თამარ ბელქანია, რომელიც წლების განმაავლობაში მუშაობდა საპატრიარქოს ტელევიზიაში, საუბრობს მის ხელთ არსებულ სავარაუდო მიზეზზე, რაც ვარდოსანიძის გადადგომას უძღოდა წინ. მისი თქმით, ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი არის ის, რომ ვარდოსანიძისგან მოითხოვეს უნივერსიტეტში ფილოლოგიისა და ისტორიის მიმართულების “მილევად რეჟიმში” გადაყვანა.

ბელქანიას თქმითვე, მისივე ინფორმაციით, 400-მდე სტუდენტმა დაწერა განცხადება რექტორის დაბრუნების მოთხოვნით. სტუდენტები ასევე ითხოვენ, რომ უკვე აკრედიტებული მიმართულებები ე.წ. მილევად რეჟიმში არ გადაიყვანონ. მილევადი რეჟიმი გულისხმობს იმას, რომ ფაკულტეტები მოკლე ვადებში დაიხურება.

თავად მთავარეპისკოპოსი იაკობი „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ ვარდოსანიძე ჯერჯერობით შვებულებაშია – „გადადგომით ჯერ არ გადამდგარა,“. ის ასევე უარყოფს ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტში რომელიმე ფაკულტეტი გაუქმდება.  გადადგომის მიზეზი ამ ორ ფაკულტეტს რომ უკავშირდება, უარყოფს თავად ვარდოსანიძეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი