ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის ვიზიტი ახალგორში აგვისტოს ომის მეცამეტე წლისთავზე

9 აგვისტო, 2021 • 2416
აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის ვიზიტი ახალგორში აგვისტოს ომის მეცამეტე წლისთავზე

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მეცამეტე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ცხინვალში იყო მიწვეული, აფხაზურ დელეგაციასთან ერთად ახალგორშიც [ლენინგორი] ჩავიდა. ახალგორი ცხინვალის კონტროლქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადავიდა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურის ცნობით, “ორი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერმა აფხაზური დელეგაციის წევრებთან ერთად არმაზის წმინდა გიორგის ეკლესია და  ისტორიულ- მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმი მოინახულეს. სტუმრებს სასახლის კომპლექსში ექსკურსია ჩაუტარეს და ქსნის ერისთავების ცხოვრებაზე და სასახლის მშენებლობაზე მოუყვნენ”.

აფხაზური დელეგაციის ვიზიტი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, 9 აგვისტოს დასრულდა.

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსეთის ფედერაციამ სწორედ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ აღიარა. აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონიძიებებზე დე ფაქტო ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს 2008 წელს რუსეთის მხრიდან სამშვიდობო ძალისხმევაზე და მის დადებით როლზე.

2008 წლის ომი გაგრძელდა 5 დღე, 7 აგვისტოდან 13 აგვისტომდე, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯართან საომარი მოქმედებების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. რუსული და ოსური მხარე, ასევე საუბრობენ, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე და ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ქართული მხარის აგრესიაზე მიუთითებენ. გარდა ამისა, რუსული, აფხაზური და ოსური მხარეები თბილისისგან თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ. ქართული მხარის პოზიციით, ის ვერ გააფორმებს მსგავს შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რადგანაც მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებს და კონფლიქტის ერთადერთ მხარედ და ოკუპაციის განმახორციელებლად რუსეთის ფედერაციას მიიჩნევს.

ამავე თემაზე: ქართული მხარის და საერთაშორისო გამოხმაურებები აგვისტოს ომზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი