აშშ-ში, ტიტანიკის მუზეუმში სამი ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც აისბერგის რეკვიზიტი ჩამოინგრა.
როგორც The Guardian წერს, ატრაქციონის მფლობელების განცხადებით, აისბერგის კედელი ჩამოიშალა და სამი დამთვალიერებლის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
ინციდენტის შედეგად მუზეუმი დაიხურა, ხუთშაბათს დილას კი აისბერგის გარეშე გაიხსნა. მუზეუმის განცხადებით, დაზიანებული არეალი ჩაკეტეს, აისბერგის ახალი რეკვიზიტის მშენებლობას კი, სულ მცირე, ოთხი კვირა დასჭირდება.
როგორც გამოცემა წერს, რეკვიზიტი 4.6 მეტრი სიმაღლის და 8.5 მეტრი სიგანის იყო და რეალური ყინულისაგან იყო დამზადებული. ყინულის მასას წყლის ფილტრაციის სისტემის მეშვეობით ინარჩუნებდნენ.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შეჯახება შემთხვევითი იყო, მუზეუმი კი საკუთარ გამოძიებას აგრძელებს.
ტიტანკის მუზეუმის განცხადებით, ხომალდის რეპლიკა, რომელიც ღია სივრცეში მდებარეობს, ერთადერთი ამ ზომის ატრაქციონია მსოფლიოში და მასში 400-ზე მეტი არტეფაქტია ტიტანიკიდან. მუზეუმი ასევე იტევს ხომალდის მგზავრების პირად ნივთებსაც.
რაც შეეხება რეალურ ხომალდს, ტიტანიკი ატლანტის ოკეანეში 1912 წლის 15 აპრილს სწორედ აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. შემთხვევას დაახლოებიტ 1500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.