ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ძალიან რთულია დაარწმუნო აფხაზები და ოსები ქართველებთან თანაცხოვრებაში | პრემიერი

3 აგვისტო, 2021 • 1996
ძალიან რთულია დაარწმუნო აფხაზები და ოსები ქართველებთან თანაცხოვრებაში | პრემიერი

“რომელ ჭკუათმყოფელ ადამიანს მოუნდება ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში [არჩევნების შემდეგ პარტიების ბოიკოტი პარლამენტში შესვლაზე] ქართველებთან თანაცხოვრება. ძალიან რთულია დაარწმუნო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ქართველებთან თანაცხოვრებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შერიგების სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციამდე ისაუბრა.

“მოდით, ერთი წამით დავფიქრდეთ, რას ხედავს აფხაზი ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და უყურებს ქართულ სატელევიზიო არხებს. ყოველდღიურ რეჟიმში უსმენენ ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას [პირდაპირ უნდა ითქვას]. არავითარი დისკურსი არ არსებობს ქვეყნის მომავლთან დაკავშირებით [მე ვგულისხმობ უმეტესობას]. მათ სურთ, რომ საზოგადოება დააზომბირონ ყოველდღიურად ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟით.

ოსი ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს აგვისტოს ომის დღეები, რა გზავნილებს უსმენს ყოველდღიურად ჩვენგან? ხედავენ, რომ ჯერ ჩვენს შიგნით ვერ დავლაგდით და ჩამოვყალიბდით, ვერ შევრიგდით. იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო 8 წლის განმავლობაში, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა გავხადოთ უალტერნატივო აფხაზებისთვის და ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. მთავარი საზრუნავი უნდა იყოს განვითარება და ისევ განვითარება. დღეს ვერ ვთავაზობთ ამას. რომელ ჭკუათმყოფელ ადამიანს მოუნდება ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში [არჩევნების შემდეგ პარტიების ბოიკოტი პარლამენტში შესვლაზე] ქართველებთან თანაცხოვრება. ძალიან რთულია დაარწმუნო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ქართველებთან თანაცხოვრებაში”.

ძალიან კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. მოდით, ღიად და გულახდილად ვისაუბროთ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით ჩვენ. ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჯერ 90-იანი წლების დასაწყისში გვქონდა სამოქალაქო დაპირისირება, სამოქალაქო ომი, ძმათა შორის მკვლელობა, დავკარგეთ ტერიტორიები [დროებით]. შემდეგ შეცდომა გავიმეორეთ 2008 წელს,  როცა ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ. აღიარების პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო.

ჩვენ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, თუ როგორ საქართველოს ვუტოვებთ ჩვენს შვილებს. ვუსმენთ რა ჩვენს პოლიტიკოსებს, სულ უფრო ნაკლები გვესმის რეალური ხედვების, გამოსავლის შესახებ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ პოლიტიკოსებმა და ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს მოვუწოდოთ, როგორც ამას ტრადიციულად ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კონკრეტული ნაბიჯები. რა შეიძლება იყოს ასეთი კონკრეტული ნაბიჯი, თუ არა ის, რომ შიგნით, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩვენს საზოგადოებაში ვაჩვენოთ ერთობა. ერთობა ყოველთვის იყო ქართველის მთავარი გამოწვევა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი