ახალი ამბები

ბათუმში ბერლინელი მუსიკოსის ცემის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

2 აგვისტო, 2021 • 907
ბათუმში ბერლინელი მუსიკოსის ცემის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურის განცხადებით, ბათუმში ბერლინელ მუსიკოსზე თავდასხმის საქმეზე ბრალი ერთ პირს წარუდგინეს, თუმცა ჰომოფობური მოტივი საქმეში არ გამოკვეთილა.

უწყების განცხადებით, დაკავებულია ლ.ჭ. რომელმაც ბათუმის ბულვარში მდებარე ღამის კლუბ “სფეროს” მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, იძალადა მუსიკოსზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

უწყებაში ამბობენ, რომ დაზარალებულმა გამოკითხვისას უარყო მის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი, ასევე, ღამის კლუბის დაცვის თანამშრომლის მხრიდან ძალადობა:

“ხოლო რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ის ჰომოფობიური და დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობდა, განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება გამოწვეული იყო აღელვების ნიადაგზე და სიმართლეს არ შეესაბამება”, – აცხადებენ უწყებაში.

ლ.ჭ-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბერლინელმა მუსიკოსმა, სასცენო სახელით Phase Fatale, რომელიც კლუბ ბერქაინის რეზიდენტია, ბათუმში ჰომოფობურ ნიადაგზე თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” განაცხადა.

პოსტში მუსიკოსი აღნიშნავდა, რომ თავდასხმაში მონაწილეობდნენ იმ კლუბის დაცვის წევრებთან ასოცირებული პირები, რომელშიც უნდა დაეკრა.

ბერლინელი მუსიკოსის თქმით, ბათუმში თავს ჰომოფობურ ნიადაგზე დაესხნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი