ახალი ამბები

შვილებიანი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბდისირება შემოდგომიდან დაიწყება

2 აგვისტო, 2021 • 2510
შვილებიანი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბდისირება შემოდგომიდან დაიწყება

ამა წლის სექტემბრიდან იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი შეეძინება, იპოთეკური სესხის სუბსიდირების ქვეპროგრამა ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ავრცელებს.

როგორც მინისტრი ამბობს, პირველი სექტემბრიდან ოჯახებს ბანკებისთვის მიმართვა 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ, სახელმწიფო კი სესხის თანასუბდისირებას საკუთარ თავზე იღებს. ოჯახებს, ვისაც პირველი შვილი შეეძინება, სესხის აღება 6%-ში შეეძლებათ, ხოლო მრავალშვილიანებს – 4%-ში.

„ეს პროგრამა გავრცელდა თითოეულ ოჯახზე, ვისაც პირველი სექტემბრიდან ეყოლება ახალშობილი. ახალშობილის ყოლის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში, ასეთმა ოჯახმა შეიძლება მიმართოს ბანკს და შეიძინოს ბინა.  200 000 ლარამდე ოდენობის სესხი იქნება თანასუბსიდირებული.

იმ ოჯახებისთვის, ვისაც შეეძინება პირველი ან მეორე შვილი, თანადაფინანსება ბანკის პროცენტი იქნება თითქმის ნახევარი – დღეს თუ 12%-ში აიღებენ იპოთეკურ სესხს, აქედან 6 % იქნება სახელმწიფოს მიერ დაფარული, ხოლო თუ საუბარია მე-3 ან მე-4 ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში თანადაფინანსება გაცილებით მეტია, დაახლოებით 8%, და ასეთი ოჯახი დაახლოებით 4%-ში აიღებს იპოთეკურ სესხს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები და 5 წლის განმავლობაში ჩვენ ამ თანადაფინანსებას განვახორციელებთ.

მეორე კატეგორია, ვინც ავტომატურად მოექცევა ამ ქვეპროგრამის ფარგლებში, ეს არიან ის ოჯახები, ვისაც 3 ან მეტი შვილი ჰყავთ, მათაც ავტომატურად შეეძლებათ ისარგებლონ ამ პროგრამით, ახალი წევრის შეძენის გარეშე. ანუ ვისაც დღეს უკვე ჰყავს 3 ან მეტი შვილი, პირველი სექტემბრიდან 12 თვის განმავლობაში შეუძლია მიმართოს ბანკს და აქაც ჩვენ დაახლოებით 2/3-ს საბანკო პროცენტის დავუსუბდისირებთ. ესეც დაახლოებით 4%-იანი სესხი იქნება“, – განმარტავს თურნავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი