„გააჩნია, რას გვთავაზობს“, – ასე პასუხობს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია კითხვას, თანახმაა თუ არა მისი პარტია „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაზე.
„ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და ჩამოგვითვლია, რა საკითხები აინტერესებს „გირჩს“ და ჰგონია მოსაგვარებელი ამ ქვეყანაში“, – თქვა მან ტვ პირველის ეთერში 30 ივლისს.
მისი თქმით, ამ საკითხებზე, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმაზე, არაერთხელ უსაუბრიათ „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ პარტიებთანაც და:
„არის რამდენიმე საკითხი, რომელთაგანაც ერთ-ერთის შესრულება მაინც ფუნდამენტურად შეცვლის ამ ქვეყანას“, – თქვა იაგო ხვიჩიამ.
„ჩვენ ეს პოზიცია გაცხადებული გვაქვს, უბრალოდ „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ეს ძალიან ძვირი ფასია და სანამ ჩვენთან მოვა ამ თემაზე სავაჭროდ, მანამდე, ჩემი აზრით, ის ყოველთვის იფიქრებს, რომ უფრო იაფად შეიძენს კოალიციისთვის ხალხს სხვაგან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.