ახალი ამბები

ცვლილებები აჭარის მთავარ მეჩეთში

1 ივლისი, 2010 • 1320
ცვლილებები აჭარის მთავარ მეჩეთში

აჭარის მუფთი,  სავარაუდოდ, გადადგა- ეს ინფორმაცია გაზეთ ”ბათუმელებს” რამდენიმე წყარომ მიაწოდა. თავად ქემალ  ცეცხლაძესთან დაკავშირება შეუძლებელია. ის დღეს ბათუმის მეჩეთში არ გამოჩენილა.

ხულოს რაიონის მცხოვრებმა რამაზ კაკალაძემ ”ბათუმელებს” განუცხადა, რომ მუფთმა გადადგომის შესახებ გუშინ ხულოში ისაუბრა. ”ქემალ ცეცხლაძე ხულოში გუშინ ამოვიდა და ვიწრო წრეს, ძირითადად, სასულიერო პირებს შეხვდა. იგი რაიონების მუფთებთან ერთად იყო. ამ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა~.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი რელიგიის საკითხებში ბეჟან ბოლქვაძე, რომელიც ყოფილი მუფთია, ამბობს, რომ დეტალები და მიზეზები არ იცის, თუმცა მასაც აქვს ინფორმაცია მუფთ ცეცხლაძის გადადგომის შესახებ.

ამ ფაქტს წინ უსწრებდა მუსლიმების აქცია ხულოში. აქციაზე რამოდენიმე ასეული ადამიანი  ხელისუფლებას მათი რელიგიური უფლებების ხელყოფაში ადანაშაულებდა, რადგან  ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებს ის შენობები ჩამოართვა, რომლებიც საქველმოქმედო ფონდ ”მადლი 2005”-ს ჰქონდა ნაქირავები. ”მადლი 2005”-ს აჭარაში ოთხი სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც მსურველებს მუსლიმანურ რელიგიას ასწავლიდნენ.

ხულოში აქციას ხვალაც გეგმავენ.  „თუ რაიმე ზეწოლა არ იქნა, აქციას აუცილებლად გავმართავთ~- უთხრა ”ბათუმელებს”  რამაზ კაკალაძემ.

თავად ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მუფთის გადადგომასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ მუფთი ხულოში იმყოფება და მას ვერ უკავშირდებიან, რადგან ტელეფონი გამორთული აქვს.

აჭარის სამუსლიმო სასულიერო სამუფთო სამმართველოში განმარტავენ, რომ  თუკი მუფთი ნამდვილად გადადგა,  შესაძლოა,  მან მუფთობის ახალი კანდიდატი დაასახელოს, რომელსაც შემდეგ მეჩეთების წინამძღოლები და აჭარის სხვადასხვა რაიონის მუფთები აირჩევენ. ბათუმის მეჩეთში იმასაც ამბობენ, რომ კანდიდატი მთავრობასთან შეთანხმებული იქნება.

მუფთი მუსულმანების უმაღლესი სასულიერო პირია. აჭარის მუფთს აჭარის ავტონომიის 5 რაიონის მუფთები და 173 მეჩეთის იმამები (წინამძღოლები) ექვემდებარებიან.

ამავე თემაზე:

მუსლიმანების პროტესტი

აქცია მუსლიმანების უფლებების დასაცავად

მასალების გადაბეჭდვის წესი