ახალი ამბები

“ოცნების” დღევანდელი ბოსების გაბედულებაში ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა — გახარია

30 ივლისი, 2021 • 1461
“ოცნების” დღევანდელი ბოსების გაბედულებაში ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა — გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გასვლას შიშის ფაქტორით ხსნის.

“ჩემთვის პერსონალურად ეს არის შიშის გამოხატულება, რადგან აშკარა ხდება უკვე, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა და ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების განწყობებსა და გადაწყვეტილებებში”, — განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ყველაზე ცუდი აქ არის ის, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს.

“სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე, მეოთხე ფლანგზე. წინ არის წამოწეული პარტიული ინტერესები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ყველაფერი გადასაწყვეტია ჩვენი მოქალაქეების მიერ. მათი არჩევანი იქნება განმსაზღვრელი, მაგრამ ყველზე ცუდი რაც არის, არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს მმართველი ძალა და რას აკეთებს, უკვე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტებსაც აღარ ითვალისწინებენ. ეს შიშისგან მოდის”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის ნების გარეშე გაბედავდა თუ არა “ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმების დატოვებას, გახარია პასუხობს: “დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელების, ბოსების გაბედულებაში მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა”.

28 ივლისს „ქართული ოცნების” ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან ერთად „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან და ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციები დააონონსეს და საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება არ გამორიცხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი