ახალი ამბები

On.ge: ჩვენს სერვერებზე მიზანმიმართული კიბერშეტევა განხორციელდა

29 ივლისი, 2021 • 789
On.ge: ჩვენს სერვერებზე მიზანმიმართული კიბერშეტევა განხორციელდა

ვებპორტალი On.ge აცხადებს, რომ მის სერვერზე მიზანმიმართული DDOS შეტევა განხორციელდა და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პორტალი შეფერხებით მუშაობდა.

“ჩვენი ტექნიკური ჯგუფის განმარტებით, არსებობს შეტევის ტიპი, DoS attack, რომელიც ყველაზე გავრცელებულია. ასეთი შეტევისას თავდამსხმელი დროის კონკრეტულ მონაკვეთში ძალიან ბევრჯერ მიმართვით ცდილობს ქსელის გადატვირთვას. მარტივად რომ ვთქვათ, ქსელს “ატყუებს”, თითქოს ერთდროულად ბევრი მომხმარებელი შევიდა.

DDoS კი არის განაწილებული DoS შეტევა, რაც ნიშნავს იმას, რომ თავდასხმა ხდება არა ერთი, არამედ ბევრი წყაროდან. თუ DoS შეტევის დროს შესაძლებელია პრობლემის მოგვარება კონკრეტული IP-ის დაბლოკვით, როცა თავდასხმა ხდება ბევრი წყაროდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, კონკრეტული IP-ის დაბლოკვა რთულია”, – ნათქვამია პორტალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

On.ge-მ კიბერშეტევასთან დაკავშირებით უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათგან რეაგირებას ელის.

ამ მომენტისთვის პრობლემა აღმოფხვრილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი