ახალი ამბები

ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა დედის გარდაცვალების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრს სცემეს – მედია

27 ივლისი, 2021 • 2006
ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა დედის გარდაცვალების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრს სცემეს – მედია

ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი სცემეს მას შემდეგ, რაც მათი დედა COVID-19-ით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

შემთხვევა 20 ივნისს მოხდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის 64 წლის და გარდაიცვალა. გამოცემა წერს, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან წყაროს ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ უწყების სხვა წარმომადგენლებსა და ექიმებს.

“რადიო თავისუფლება” აცხადებს, რომ მინისტრს და სხვა დაზარალებულებს მძიმე დაზიანებები აქვთ მიყენებული. რაც შეეხება გარდაცვლილ ქალს, მის სამკურნალოდ სამედიცინო ექსპერტები გერმანიიდან და რუსეთიდანაც იყვნენ მოწვეული, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წყაროს თქმით, თავდასხმის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა ინფორმაციას არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არც ოფიციალურ უწყებებში არ ადასტურებენ.

“რადიო თავისუფლების” თქმით, ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც სავარაუდოდ, თავდასხმის ობიექტი გახდა, არ ესწრებოდა 26 ივლისს გამართულ პრესკონფერენციას, რომელიც აშშ-ის მიერ ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყოფას ეხებოდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთი დღით ადრე ტაჯიკეთმა COVAX პლატფორმისგან 1.5 მილიონი დოზა “მოდერნას” ვაქცინა მიიღო. რეპორტიორების კითხვაზე კი, რატომ არ ესწრებოდა მინისტრი პრესკონფერენციას, მინისტრის მოადგილემ პასუხი არ გასცა.

პრეზიდენტის და 21 ივლისს დაკრძალეს და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებს საჯაროდ არ უსაუბრიათ გარდაცვალების მიზეზებზე, კლინიკაში, სადაც ქალი მკურნალობდა, “რადიო თავისუფლებას” სიკვდილის მიზეზად COVID-19 დაუსახელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი