ახალი ამბები

თბილისში აქტივისტებისა და მედიის საწინააღმდეგო პლაკატები უნებართვოდ გააკრეს — მერია

24 ივლისი, 2021 •
თბილისში აქტივისტებისა და მედიის საწინააღმდეგო პლაკატები უნებართვოდ გააკრეს — მერია

24 ივლისის დილით თბილისის ქუჩებში “ნაციონალური მოძრაობისა” და სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, კრიტიკული ტელეკომპანიების მენეჯერთა საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები გამოჩნდა. როგორც “ნეტგაზეთს” მერიაში განუცხადეს, მასალა დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში უნებართვოდ გააკრეს.

პლაკატებზე დატანილია მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის, ასევე, “მთავარი არხის” დამფუძნებლის — ნიკა გვარამიას, “ტვ პირველის” მენეჯერისა და ამავე არხის მთავარი პროდიუსერის — ვატო წერეთლისა და ნოდარ მელაძის, აქტივისტების — გიგა მაქარაშვილისა და გიორგი თაბაგარის ფოტოები. იქვეა წარწერა “არა ნაცებს! არა ბოროტებას” და ცისარტყელას გამოსახულება.

სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ნათელია, რომ პლაკატები ქალაქში — როგორც ცენტრალურ, ისე გარეუბნებში — საკმაოდ დიდი ოდენობით არის გაკრული. მერიაში ამბობენ, რომ “თბილსერვის ჯგუფი” უკვე მუშაობს აღნიშნული მასალის ჩამოხსნაზე.

უწყების პრესსამსახურში ასევე აცხადებენ, რომ კანონდამრღვევთა იდენტიფიცირების შემდეგ, მათ დააჯარიმებენ.

ამ დროისთვის უცნობია როგორც პლაკატების დამზადებაზე, ისე მათ გავრცელებაზე პასუხისმგებელ პირთა ვინაობა. როგორც “ნეტგაზეთს” “ქართულ ოცნებაში” უთხრეს, მასალასთან საერთო არაფერი აქვთ.

მსგავსი შინაარსის მასალა თბილისსა და სხვა ქალაქებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც გამოჩნდა. მაშინ ზემოხსენებული წარწერით დიდი ზომის ბანერები დაამზადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი