ახალი ამბები

30 ივლისიდან ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკძალავს

23 ივლისი, 2021 • 9233
30 ივლისიდან ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკძალავს

ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს 30 ივლისიდან, კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში მოგზაურობა აუკრძალა.

ისრაელმა საქართველო ე.წ. “წითელ სიაში” 22 ივლისს შეიყვანა, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის ზრდითაა გამოწვეული.

Newsru.co.il-ის თანახმად, გარდა საქართველოსი, ისრაელის მოქალაქეები [გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა] დროებით ვეღარ იმოგზაურებენ კვიპროსში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, არგენტინაში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ინდოეთში, რუსეთში, მექსიკაში, ბელარუსში, უზბეკეთში, ესპანეთსა და ყირგიზეთში.

ისრაელის ის ვაქცინირებული მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნდებიან, ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, შეძლებენ საკარანტინო პირობების გარეშე ქვეყანაში შესვლას, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ ვაქცინის ორივე დოზა, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მოხვდებიან 7-დღიან კარანტინში, მეშვიდე დღეს ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში კი, დატოვებენ საკარანტინო სივრცეს.

თბილისში ისრაელის საელჩოს განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ყოველკვირეულად გადაიხედება და საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესაბამისად, შეზღუდვები შეიცვლება ან გაუქმდება.

საქართველოში შემოსული ტურისტების ერთ-ერთი უდიდესი წილი ისრაელიდან ჩამოსულ მოგზაურებზე მოდის. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ისრაელის ბაზრის ჩაკეტვამ ტურიზმის სფეროს დიდი დარტყმა მიაყენა.

საქართველოში 23 ივლისის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამჟამად ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 21 834 აქტიური შემთვევაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი