ახალი ამბები

ბოკერიამ „ევროპული საქართველოს“ ახალი სახე წარადგინა – გიორგი ნონიაშვილი

23 ივლისი, 2021 • 1987
ბოკერიამ „ევროპული საქართველოს“ ახალი სახე წარადგინა – გიორგი ნონიაშვილი

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის ახალი სახე წარადგინა – გიორგი ნონიაშვილი. ის პარტიის „ანტიკორუფციულ ქსელს“ უხელმძღვანელებს.

გიორგი ნონიაშვილი პოლიტიკის და სამართლის მკვლევარია. იყო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ბოლო პერიოდში ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრს“ (GMC). გიგა ბოკერიას თანახმად, მისი მონაწილეობით შეიქმნა პროექტი „ფლანგვის დეტექტორი“, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას იკვლევდა.

„ამ ქვეყანაში არის მძიმე სოციალურ და პოლიტიკური კრიზისი და, სამწუხაროდ, ადამიანების გაუცხოება პოლიტიკურ პროცესებთან. განზე დგომას, გადავწყვიტე, რომ ავიღო პასუხისმგებლობა, დავიცვა ის ღირებულებები, რომლისაც მწამს“, – განაცხადა ნონიაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში 23 ივლისს.

„მე მგონია, რომ ჩვენ გვჭირდება ცვლილებები, სადაც ადამიანებს დაუბრუნდებათ პოლიტიკა და ამ პოლიტიკის მთავარი მიზანი იქნება, ეს ქვეყანა ვაშენოთ და ფეხზე დავაყენოთ. მგონია, რომ გვჭირდება ცვლილებები არა იმიტომ, რომ გვარები გამოიცვალოს და დანარჩენი ხელუხლებელი დარჩეს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანების ყოფა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა მან.

ნონიაშვილის ხედვით, გზა ადამიანების ყოფის გაუმჯობესებისკენ, სხვა საკითხებთან ერთად, გადის „ბიუროკრატიის, გადასახადების, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი