ახალი ამბები

საპატრიარქო ინსტრუქციას ავრცელებს ეკლესიებში ჟურნალისტების არშეშვებაზე

22 ივლისი, 2021 • 1280
საპატრიარქო ინსტრუქციას ავრცელებს ეკლესიებში ჟურნალისტების არშეშვებაზე

საქართველოს საპატრიარქო ეკლესიებისთვის ავრცელებს ინსტრუქციას იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ ეკლესიის ტერიტორიაზე ჟურნალისტები არ შეუშვან.

ოფიციალურ განცხადებაში საპატრიარქო ამბობს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ნორმები უხეშად ირღვევა და აკრიტიკებს რიგ მედიასაშუალებებს. ამასთანავე ამბობს, რომ არის კანონიერი გზა, რომლითაც ეკლესიებს შეეძლებათ ჟურნალისტების ტერიტორიაზე არშეშვება.

“ამ ჟურნალისტებს ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად სურთ აქციონ, ცალკეულ რელიგიურ სწავლებას პოლიტიკური განაცხადის სახე შესძინონ და ეს პრობლემების შექმნის მიზეზად წარმოაჩინონ. ამასთან, ისინი არ ერიდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეების კერძო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრასაც და უბრალო ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას”, – აცხადებს საპატრიარქო.

ამ ინსტრუქციაში საპატრიარქო მიუთითებს სისხლის სამართლის ორ მუხლზე – ადევნებასა (151-ე პრიმა) და რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელშეშლაზე (155-ე).

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალიტებთან კომუნიკაცია, რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ. ასევე, მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელეთან;

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის  საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი