ახალი ამბები

პროტესტი და შეტაკებები ირანში: არიან დაღუპულები

22 ივლისი, 2021 • 1361
პროტესტი და შეტაკებები ირანში: არიან დაღუპულები

ირანში წყლის დეფიციტითა და მისი მძიმე შედეგებით გაბრაზებული მოქალაქეები მეექვსე დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ. დემონსტრაციები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით 6 დღის წინ დაიწყო, გასულ ღამეს კი დედაქალაქ თეირანში ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგო სლოგანებიც ისმოდა. ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის თანახმად, არეულობის შედეგად არიან დაღუპულები.

ირანში ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი გვალვაა, რამაც, წყლის მენეჯმენტში არსებული პრობლემების ფონზე, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა სოფლის მეურნეობას. მეორე მხრივ, წყლის დეფიციტმა კაშხლების მუშაობაც შეაფერხა, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიაც შეფერხებით მიეწოდება.

ყოველივე ამის ფონზე, 1 კვირის წინ ირანის სამხრეთ-დასავლელთით მდებარე ხუზესტანის პროვინციაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომლებიც მალე რიგ ქალაქებში გავრცელდა. სოც. ქსელებში გავრცელებული კადრების თანახმად, პროტესტი გასცდა წყლის საკითხს და ისმის სლოგანები ხელისუფლების, უშუალოდ ისლამური რესპუბლიკის ელიტის წინააღმდეგ.


“ნიუ იორკ ტაიმსის” კორესპონდენტის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, თეირანის მეტროში მოქალაქეები სკანდირებენ: “სიკვდილი ისლამურ რესპუბლიკას”. კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც, ავტორის თქმით, ხუზესტანის პროვინციის ქალაქ იზეშია გადაღებული, ისმის სლოგანი “სიკვდილი ხამენეის”. მოქალაქეები გულისხმობენ აიათოლა ალი ხამენეის — ირანის სულიერ ლიდერს.

ოფიციალური მონაცემებით, აქციების მიმდინარეობისას 3 ადამიანია დაღუპული. მათ შორის ორი სამოქალაქო პირია, ერთი კი — პოლიციელი. სახელმწიფო მედიის თანახმად, პოლიციელი “შეტაკების მონაწილეებმა” მოკლეს. კიდევ ორი დაღუპულის, ახალგაზრდა კაცების მკვლელობაში ხელისუფლება ასევე დემონსტრანტებს ადანაშაულებს, თუმცა, აქტივისტთა განცხადებით, ისინი უსაფრთხოების ძალებმა დახოცეს.


ხუზესტანის გუბერნატორი ამბობს, რომ წყლის დეფიციტის პრობლემას 1 წლის განმავლობაში შეამსუბუქებს.

ირანის ეკონომიკა ბოლო წლებში ძლიერი შეირყა, ერთი მხრივ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დაწესებული სანქციების, მეორე მხრივ კი — პანდემიის კრიზისის გამო. CNN-ის თანახმად, სანამ წყლის დეფიციტის გამო მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდოდნენ, საპროტესტო აქციებს მუშები და პენსიონერები მართავდნენ ცუდი მენეჯმენტის, უმუშევრობისა და ინფლაციის ფონზე.

ფოტო: Radio Farda/Social Media

მასალების გადაბეჭდვის წესი