ახალი ამბები

ვოლსკიმ ჟურნალისტს ლექსო ლაშქარავას ფოტო წაართვა

20 ივლისი, 2021 • 961
ვოლსკიმ ჟურნალისტს ლექსო ლაშქარავას ფოტო წაართვა

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “ფორმულას” ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძეს გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ფოტო წაართვა. შემთხვევა მთაწმინდის პარკში მოხდა, სადაც “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატი უნდა წარადგინოს. შემთხვევის ამსახველ ვიდეოს “პუბლიკა” ავრცელებს.

როგორც გია ვოლკსი ამბობს, ლაშქარავას ფოტოს დაჭერის მორალური უფლება არა ჟურნალისტებს, არამედ მას აქვს.

“მე მაქვს მორალური უფლება, რომ ეს ხელში მეჭიროს… თქვენი არ არის ეს ბიჭი, ეს ბიჭი ჩემია”, – მიმართა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

მერობის კანდიდატის წარდგენის პარალელურად კი ადგილზე აქცია იმართება. აქციის მონაწილე ჟურნალისტები ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ფოტოებით ხვდებიან.

გარდა ამისა, ჟურნალისტებთან ერთად აქტივისტებს საპროტესტო ბანერი აქვთ გაშლილი, წარწერით “დაისაჯონ მოძალადეები”. ისინი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეების დასჯას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ითხოვენ.

“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს დღეს, 20 ივლის, 20 საათზე დაასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი