ახალი ამბები

რომელი უცხოელი ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც სიცოცხლის რისკები იქნება? — “ოცნების” დეპუტატი

15 ივლისი, 2021 • 1097
რომელი უცხოელი ჩადებს ფულს ქვეყანაში,  სადაც სიცოცხლის რისკები იქნება? — “ოცნების” დეპუტატი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე გამოეხმაურა  5 ივლისის მოვლენებს და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები საფრთხეს უქმნის ქვეყნის საინვესტიციო გარემოს.

მისი თქმით, ქვეყანა ისედაც რთულ პერიოდს გადის და საინვესტიციო გარემოს მოფრთხილება სჭირდება.

“მე ვფიქრობ, რომ განვითარებული მოვლენები არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ამ საკითხს ახლავს ეკონომიკური მდგენელიც. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადის რთულ პერიოდს, ეკონომიკამ დაიწყო აღდგენა და სწრაფი ზრდა და ასეთ ვითარებაში, მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს საინვესტიციო გარემოს. ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო, გარკვეულწილად, ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება.

ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღებით უნდა მოვეპყროთ უცხოელებს. რომელი უცხოელი ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც გარკვეულწილად სიცოცხლის რისკები იქნება? რომელი უცხოელი ჩამოვა, თუ აქ უცხოელებს სცემენ? ამიტომ, რომელ ბიზნესკონტაქტებზე შეიძლება საუბარი, თუ სტაბილურობის და დაცულობის განცდა არ იქნა?” — განაცხადა კოვზანაძემ.


5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად, მასობრივად იძალადეს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელზე, რომელთა ნაწილმა მძიმე დაზიანებები მიიღო. 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი 11 ივლისს გარდაიცვალა. ექპერტიზას ჯერ არ დაუდგენია მისი გარდაცვალების მიზეზი.

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების შეკრების საბაბი გახდა “თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებული “ღირსების მარში”, რომელიც ძალადიბრივი რისკების გამო იმ დღეს საერთოდ არ გამართულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი