ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიჭვინთის “სახელმწიფო აგარაკის” რუსეთისთვის გადაცემა განიხილება

14 ივლისი, 2021 • 2450
ბიჭვინთის “სახელმწიფო აგარაკის” რუსეთისთვის გადაცემა განიხილება

აფხაზეთში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკის, რუსეთისთვის გადაცემა განიხილება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“დიახ, ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებათა პროცესი. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ რუსებმა აფხაზეთის ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით, გადაეცეს რუსეთის ფედერაციას საკუთრებაში ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკზე არსებული შენობა-ნაგებობები”.

როგორც ბჟანია ამბობს, რუსეთის არგუმენტია ის, რომ შენობა-ნაგებობები 1959-1960 წლებში აშენდა და ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. შესაბამისად, საჭიროა ძალიან დიდი ფინანსური რესურსი აღსადგენად, ზოგიერთ შემთხვევაში კი საჭიროა რეკონსტრუქცია.

“1995 წელს იყო ხელმოწერილი დოკუმენტი აფხაზეთსა და რუსეთს შორის, რომლის შესაბამისად, რუსეთს უსასყიდლოდ გადაეცემა საკუთრებაში აგარაკი ბიჭვინთაში, რომელიც გამოყენებული იქნებოდა რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ. პუტინი არაერთხელ ჩამოსულა ამ აგარაკზე. ჩვენი შეხვედრის დროს სოჭში პუტინთან ეს საკითხიც წამოიჭრა მის მიერ. მე მომხრე ვარ იმის, რომ გადავცეთ რუსეთს ეს შენობები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთრებაში მიწას გადავცემთ. მიწის გასხვისება არ ხდება.

ამ ყველაფრის განსახორციელებლად არ არის საკმარისი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება. ჩვენი ვარიანტი ამ სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების ჩვენ უკვე გავგზავნეთ რუსეთის ფედერაციაში და ველოდებით მათ ვარიანტს. საბოლოოდ, შეთანხმების შემდეგ, რატიფიკაციისთვის სახალხო კრებას გაეგზავნება”, – განაცხადა ბჟანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი