ახალი ამბები

“გადადგეს და დაისაჯოს ღარიბაშვილი” — ვახო სანაია ივანიშვილს მიმართავს

11 ივლისი, 2021 • 1159
“გადადგეს და დაისაჯოს ღარიბაშვილი” — ვახო სანაია ივანიშვილს მიმართავს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ აქციას, სადაც ტვ “პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას აპროტესტებენ. ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენებისკენ მოუწოდა.

“დღეს საქართველოს მთავრობამ შეიწირა ჩვენი კოლეგა. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ლექსოს ხსოვნას. დღევანდელი დღე, გარდა იმისა, რომ არის გლოვის დღე, დღევანდელი დღე არის სიამაყის დღეც. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, რომ ჩვენ ცოცხალი ვართ, ჩვენ არ შევეგუებით სიკვდილის რაზმებს დედაქალაქის ცენტრში.

მე ძალიან მოკლედ ვიტყვი სათქმელს. მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს: ბატონო ბიძინა, თქვენ არა გაქვთ ბევრი დრო, მაქსიმუმ ხვალ დილამდე. ვიცით, რომ ადრე იძინებთ, მაგრამ იღვიძებთ ადრე. ხვალ დილამდე თქვენი ე.წ. მარიონეტი პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. და უნდა მიყვეს მთელი მთავრობა. და გადადგომა არ არის საკმარისი. გადადგეს და დაისაჯოს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში მოგვიწყო რუსული სპეცოპერაცია და შეიწირა ჩვენი კოლეგა. ეს იყო მკვლელობა, რუსეთიდან დაფინანსებული ძალები, საპატრიარქოს ორგანიზებული ძალები, რომლებიც თანამშრომლობენ საქართველოს ხელისუფლებასთან, უნდა დაისაჯონ.

თქვენ შეიძლება მოკალით ჩვენი კოლეგა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია თქვენი”, — თქვა ვახო სანაიამ აქციაზე.

რუსთაველის გამზირი ამ დროისათვის გადაკეტილია.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი