ახალი ამბები

რას (არ) ნანობენ ჟურნალისტებზე თავდამსხმელები?

8 ივლისი, 2021 • 1230
რას (არ) ნანობენ ჟურნალისტებზე თავდამსხმელები?

5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს – ზაზა ჭაავას, მურად დევლარიშვილს და ზაზა მჭედლიძეს – სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი მოსამართლეების დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ მოძალადეები არ არიან და არც ჟურნალისტების საწინააღმდეგო აქვთ რამე.

გამოძიების თანახმად, დაკავებულებმა ტელეკომპანია “რუსთავის 2-ის”, “მთავარი არხის”, გამოცემა “ტაბულას” და საინფორმაციო სააგენტო “ნიუპოსტის” წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობისას, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებულებს შორისაა ზაზა ჭაავა, რომელიც აქციაზე ჟურნალისტებს მოპედით დაეჯახა.

დაკავებულებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 126-ე მუხლის (ძალადობა) 1-ლი ნაწილი, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილი (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა). სასამართლო სხდომაზე, რომელზეც ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს, სამივე დაკავებულმა აღიარა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეულ ძალადობრივ ინციდენტებს, თუმცა კატეგორიულად უარყვეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. თქვეს, რომ ერთმანეთს არ იცნობენ, ამ მუხლს კი პროკურატურა ბრალის დასამძიმებლად იყენებს. ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რას ჰყვებიან დაკავებულები?

ზაზა ჭაავა, რომელიც ჟურნალისტებს მოპედით დაეჯახა, ამბობს, რომ ჰყავს 4 შვილი და ავადმყოფი დედა, თვითონაც მუდმივი მკურნალობა სჭირდება, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და არსად გაქცევას არ აპირებს, რადგან 1 დღეც რომ იჯდეს ციხეში, შესაძლოა, დედა გარდაეცვალოს.

“მრცხვენია, რომ ჩემ მიმართ სასამართლო ტარდება იმიტომ, რომ ჩემს ოჯახში და ჯილაგში არ არსებობს ვინმე ნასამართლევი. ახალ წლებამდე მომივიდა ავარია და გამიტყდა მოტოციკლეტი, რითაც ვაჭმევ ოჯახს ლუკმა პურს. მარჯვენა ფეხზე ძვლები არ მაქვს ავარიის შედეგად. ახლობელმა მომცა ნახმარი მუხრუჭები და ტროსები. მოპედით რომ შევვარდი ჟურნალისტებთან, არა იმიტომ, რომ უნდა დავჯახებოდი. ტრანსპორტმა მიმტყუნა. ნათხოვარი მქონდა მეზობლისგან, მუხრუჭები, ტროსები, ახალი გადმოწყობილი მქონდა მარჯვენა მხარეს მუხრუჭი, რადგან არ მაქვს მარცხენა ხელი.  ახალი გადმოწყობილი მქონდა და აღმოჩნდა ისე, რომ ხელს რომ მოვუჭერდი გასაჩერებლად, მერე იჭედებოდა “კალოtკა”. შესაბამისად, მაღალი გაზი უნდა მიგეცა, რომ მოტოციკლეტი წასულიყო.

ამ შემთხვევაში მივდიოდი იმისთვის, რომ მე მოვკარი ჩემს მოძღვარს თვალი და მინდოდა, პატივისცემის ნიშნად პური მიმეტანა. მაგრამ იქ გამექცა მოტოციკლეტი იმიტომ, რომ გაზი გაიჭედა. ვიგინებოდი და ვყვიროდი: ამისი დედა, ამისი ასე… იმიტომ, რომ მივხვდი, ვეღარ ვაჩერებდი [მოტოციკლეტს]. შევარდნისას რატომღაც ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა მკერდზე, იმიტომ, რომ ისევ გაზი მივეცი და იფიქრა, რომ ისევ უნდა დავჯახებოდი. გადავწყვიტე წრიულად დამეწვინა მოტოციკლეტი და წრე დამერტყა, რომ თუ ვერ გავაჩერებდი, მე წავქცეულიყავი და ვინმეს არ დავჯახებოდი. თუ თვლის ეს ხალხი, რომ მე ვიძალადე ჟურნალისტებზე და ასე მწირავენ, კი ბატონო, გამწირონ. მე მაინც საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი, არ ვარ საზოგადოებისთვის საშიში”, — განაცხადა ჭაავამ.

ამასთან, მან თქვა, რომ ჟურნალისტებს დიდ პატივს სცემს, თუმცა ლგბტ პრაიდის გამართვა მისთვის მიუღებლად რჩება.

“ელგებეტეს” მსვლელობას რაც შეეხება და ამ მსვლელობით უნდა დაფუძნებულიყო საქართველოში მათი თანაცხოვრება, ეს ჩემთვის მიუღებელი იყო და იმიტომ ვიყავი იქ. ქრისტიანი ვარ და მინდა, რომ ჯანსაღ და ჯანმრთელ საქართველოში იცხოვრონ ჩემმა შვილებმა”, — დასძინა მან.

“თუ პატიმრობაში გამიშვებთ, ჩემს ოჯახს ეს და ის დაემართებაო, აცხადებთ და მოშლილ მოპედზე რომ მჯდარხართ, მაშინ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა? ჟურნალისტებისკენ მივდიოდი და ვიგინებოდიო. გინება კი არა, გაიწიეთ, ვერ ვაჩერებთო, უნდა დაგეძახა”, — მიმართა საქმის პროკურორმა ზაზა ჭაავას.

ბრალდებულებმა ხაზი გაუსვეს, რომ არიან სტიქაროსნები, მონაწილეობენ ეკლესიების მშენებლობაში, არიან პატრიოტები და რიგ შემთხვევაში, ჟურნალისტებმა გამოიწვიეს, უწოდებდნენ რა მოძალადეებს და პუტინისტებს.

“რა ქმედებაც ჩავიდინე, ვინანიებ. 2004 წლის ომის მონაწილე ვარ. ომის მონაწილეს რომ გიწოდებენ პუტინის მონას, აღელვებიდან გამომდინარე დროშის ტარი თუ მოვიქნიე და მოხვდა… არანაირი მოძალადე ადამიანი მე არ ვარ, სოციალურად დაუცველი ვარ, 2 შვილის მამა. იოაკიმ და ანას ტაძარში ვმსახურობ, სტიქაროსანი ვარ.  არანაირი მოძალადე ადამიანი მე არ ვარ და რაც ჩავიდინე, იმის ჩადენასაც ვნანობ. თუ საჭირო იქნება, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გამოვცხადდები სასამართლოში”, — განაცხადა ზაზა მჭედლიძემ.

მურად დევლარიშვილიცმიიჩნევს, რომ ძალადობა არ ჩაუდენია.

“მარტო ვიყავი. არანაირი ძალადობა არ გამიკეთებია. ეკლესიაში წავედი, სანთელი ავანთე და მოვილოცე. ჩვენი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს — პუტინის მონები და მოძალადეები გვიწოდეს. ყველა ჟურნალისტზე არ ვამბობ, მაგრამ ერთეულები, შეიძლება ჟურნალისტებიც არ იყვნენ. გამოვედი მდგომარეობიდან და ხელი მოვუქნიე. ამაზე მზად ვარ, პასუხი ვაგო, მაგრამ ამის იქით არაფერი გამიკეთებია. აღელვების ნიადაგზე ერთი ცალი მოვუქნიე, მაგის მერე პირიქით, კავკასიის ოპერატორს გადავეფარე. ისეთი გამომწვევი სიტუაცია შეიქმნა, ავღელდი და მდგომარეობიდან გამოვედი, მაგრამ ტყუილია, რომ ხალხთან ერთად ვიყავი, ვინმეს რამე წავართვი, ვდიე და ა.შ. ქართველი ადამიანი ვარ, ჩემი მიწა-წყალი მიყვარს, ვლოცულობთ და “პუტინისტებო, პუტინის მონებო” რომ გეძახიან, გამომწვევია”, — თქვა მან.

სასამართლომ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა და სამივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული.

5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებულ ძალადობრივ, ჰომოფობიურ აქციაზე 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ ფიზიკურად.

მასალების გადაბეჭდვის წესი