ახალი ამბები

ეს იყო არაკომპეტენტურობის პიკი – გახარია 5 ივლისის გამო მთავრობას აკრიტიკებს

7 ივლისი, 2021 •
ეს იყო არაკომპეტენტურობის პიკი – გახარია 5 ივლისის გამო მთავრობას აკრიტიკებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები იყო “მთავრობის უუნარობისა და არაკომპეტენტურობის გამოხატულების პიკი.”

“სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები. სახელმწიფომ ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები. სახელმწიფომ ვერ დაიცვა ტურისტები.

ეს იყო გამოხატულება უუნარობის, არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი.

მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ყველაფერს აბრალებენ ყველას, მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, როცა აწყობთ მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ საკუთარ პასუხისმგებლობაზე. ეს უკვე უპასუხისმგებლობაა”, – განაცხადა ზუგდიდში მყოფმა გიორგი გახარიამ.

მისივე განცხადებით, გარდა არაკომპეტენტურობისა, განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს ჩამოშლაზე მიანიშნებს.

“ძალადობა შობს ძალადობას და ეს ყველაფერი ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ. არაკომპეტენტურობის გარდა, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, ეს ფაქტობრივად არის სახელმწიფოს ჩამოშლა”, – აცხადებს გახარია.


5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

6 ივლისს თბილისში პარლამენტის შენობის წინ გაიმართა ძალადობისა და სიძულვილის წინააღმდეგ მიმართული აქცია.

აქციის პარალელურად ძალადობრივად განწყობილი ჯგუფები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას, ისროდნენ ბოთლებსა და ასაფეთქებლებს.

საბოლოოდ, მას შემდეგ რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა, კონტრაქციის წევრებმა ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

6 ივლისს ძალადობრივ კონტრაქციაზე 100 პირი დააკავეს, რომელთაგან 68 ხელწერილით გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი