ახალი ამბები

პრემიერის თქმით, მოძალადეებმა მთავრობის და ეკლესიის იმიჯიც დააზიანეს

7 ივლისი, 2021 • 1395
პრემიერის თქმით, მოძალადეებმა მთავრობის და ეკლესიის იმიჯიც დააზიანეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეისთან,  გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისართან, შეხვედრისას განაცხადა, რომ 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები იყო “გამიზნული პროვოკაცია” და “არ შედიოდა მთავრობისა და ეკლესიის ინტერესებში”.

“5 ივლისს, 10 საათზე დაიწყო მობილიზება კონტრაქციის წარმომადგენლებმა, მაგრამ ზოგიერთმა ყველაზე აგრესიულად განწყობილმა… თავს დაესხა ჟურნალისტებს. ამით, რა თქმა უნდა, დააზიანეს, როგორც ჩემ მიერ ნათქვამი, ეკლესიის მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია, ასევე ჩვენი მთავრობაც.

ჩემი შეფასებით და, რა თქმა უნდა, ამას გამოძიება დაადგენს, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია.

[ეს იყო] ცალკეული ადამიანების მიერ ჩადენილი ძალადობა, რაც საბოლოო ჯამში, გამოიწვევდა, მათი გათვლით, პოლიციასთან ღრმა დაპირისპირებას. რა თქმა უნდა, დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყნის იმიჯი, ეკლესიის იმიჯი და, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის იმიჯიც”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისში განვითარებული მოვლენები შედიოდა “რევანშისტული ოპოზიციისა და მტრული სახელმწიფოს ინტერესებში”.

“შესაბამისად, დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული არ შედიოდა არც ჩვენი მთავრობის, არც ეკლესიისა და არც ხალხის ინტერესებში.

ეს შედიოდა რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციისა და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკომისარი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვიდა. იგი მანამდე საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი