ახალი ამბები

ევროპარლამენტარები მთავრობას აკრიტიკებენ მარშის დღეს უსაფრთხოების გარანტიების არშექმნისთვის

7 ივლისი, 2021 • 1330
ევროპარლამენტარები მთავრობას აკრიტიკებენ მარშის დღეს უსაფრთხოების გარანტიების არშექმნისთვის

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეთა დაკავებასა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოელიან.

განცხადებას თბილისში “ღირსების მარშის” ჩაშლაზე ავრცელებენ საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარები — სამხრეთ კავკასიის საკითხთა დელეგაციის თავმჯდომარე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე სვენ მიქსერი და საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის ხელმძღვანელი ვიოლა ფონ კრამონი.

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, თემის წევრებზე და ჟურნალისტებზე თბილისში, რამაც, სამწუხაროდ, LGBTQI+ ღირსების მარშის იძულებით ჩაშლა გამოიწვია. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ და სასულიერო პირებმა ვერ შეძლეს ხმამაღლა და ღიად დაეფიქსირებინათ პოზიცია ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ ღირსების მარშის წინ. დასანანია საქართველოს მთავრობის მზაობის ნაკლებობა, ტოლერანტობისადმი მიძღვნილი შეკრების უსაფრთხოების გარანტია შეექმნა. როგორც სხვა მოქალაქეებს, LGBTQI+ პირებს უნდა შეეძლოთ ისეთი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობა, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობა”, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის შეტანას 2024 წელს აპირებს, კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების აუცილებლობას შეახსენებენ.

“საქართველოს ხელისუფლებამ ხმამაღლა გაახმიანა 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანის განზრახვაზე. ამასთან დაკავშირებით გვსურს, მათ შევახსენოთ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები, რომლებიც ცნობილია კოპენჰაგენის კრიტერიუმებით სახელით და რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ინსტიტუტების სტაბილურობა, რაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და უმცირესობების პატივისცემისა და დაცვის გარანტიაა.

ჩვენ ველოდებით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ზემოხსენებული თავდასხმების ჩამდენ პირები იქნებიან დაკავებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული”, — ნათქვამია განცხადებაში.


5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 7 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი